მთა ციდან იწყება, ანუ

  • 07/02/2018
  • Home
  • მთა ციდან იწყება, ანუ

მე, როგორც მყინვარი..

ნისლში სიარული იმ კიბის ბოლოს გავს, რომელიც არ ჩანს და ამის მიუხედავად მაინც რომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი..

ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობაც.

მიდიხარ..  მანქანის “ცხვირთან” მთავრდება ხილვადობა.. მაგრამ გზას აგრძელებ… არაფერი ჩანს.. აზრს კარგავს მანქანის საჭის მდებარეობა.. მარჯვნივ თოვლის ჯებირია.. ალბათ მარცხნივაც.. არ ჩანს!.. და სულაც არ იგრძნობა გარდამტეხი უღელტეხილის გავლის დროს შიში..

ადიხარ ზევით და ზევით, ვერ გრძნობ სიმაღლეს.. ადიხარ მთამსვლელივით.. ნაბიჯ-ნაბიჯ, თანაბარი სიჩქარით, შეუპოვრად, მტკიცედ….  და მხოლოდ მთაზე ასვლის შემდეგ, როდესაც დაპყრობილი მწვერვალიდან გადმოიხედები იაზრებ სიმაღლის სიმაღლეს..

ასე იყო მაშინაც, როცა პირველად ლაშქრობაზე წავედი… გუდამაყრიდან გადავედით ფხოვში!.  მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა ზღაპრებში დაწერილი ცხრა მთის გადავლა… ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი ლაშქრობა…  ვერ ვივიწყებ იმ განცდებს!… როცა ისე ჩამოდიხარ მთიდან შუაღამისას, რომ აღარ განაღვლებს ხევში გადაჩეხვა.. ხევი არ ჩანს.. სველ ბილიკზე მიდიხარ ფანარ ანთებული.. ფეხი გისრიალებს, მაგრამ მაინც… ფანარის ხილვადობა არ არის საკმარისი იმედისთვის, მაგრამ მაინც….  აღარ გადარდებს დათვების ნაკვალევზე სიარული და მგლების ხროვა… მიდიხარ იმ იმედით, რომ სადღაც ნასახლარი იქნება!… და ნამდვილად გხვდება!….

ასეა ნისლშიც… მიდიხარ, მიდიხარ… დრო თითქოს ჩერდება… ვერ შევძელი საათისთვის შემეხედა.. ან კილომეტრები დამენიშნა… მეგონა გაჩერებული ვიყავი.

მერე ცა გამოჩნდა! ულურჯესი!.. კამკამა…. აქა-იქ ყავის თეთრი არომატებით…

მოვეშვი!.. მივხვდი, რომ ყველაფერმა გადაიარა!..

კუნთების გათავისუფლება ვიგრძენი და მერე საოცარი მთები დაიწყო… უკვე მშრალი გზა და მთებზე მიმოფენილი თოვლი..

……..მერე მეგონა, თუ მთაში ხშირად ვიმოგზაურებდი ჩემი სული გაიწმინდებოდა იმ ცოდვებისგან, რომელიც ფიზიკურად არ ჩამიდენია… სამაგიეროდ გონებაში სისხლის ბოლო წვეთის გამოსვლამდე დავლოდებივარ ადამიანს.. ან გაზის კამერაში გამიგუდია.. ან სულაც უფრო მსუბუქი ვნებები…

მთა განწმენდა მეგონა!..

ვფიქრობდი ჟანგბადის ნაკლებობა, რომელიც სიმაღლეზე ასვლის დროსაა და წნევის ცვალებადობა, ჩემი ცოდვების კომპენსირებას მოახდენდა.. თუმცა ყოველი წნევის გაზომვა მიდასტურებდა, რომ ეს გამოსყიდვა მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო და რეალურად ასეთი არაფერი ხდებოდა….

ამის შემდეგ შევიყვარე მთა უკვე ისეთი, როგორიც ის იყო!..

მივხვდი, რომ მონანიება საკუთარ თავთან უნდა მესწავლა…. ვერც ჩამოწერილი ცოდვების ვინმეს მიერ წაკითხვა მომიტანდა სიმსუბუქეს.. და ვერც მთაში კომფორტული მანქანით მოგზაურობა…

დავიწყე მთის შეყვარება.. საკუთარი თავივით.. იმ საერთო თვისებებით რაც მე და მთას გვქონდა…

ადრე საკუთარი თავიც კი არ მიყვარდა… მერე წარმოვიდგენდი, რომ ხევის პატარძალი ვიყავი.. ხან მხრებ გაშლილი ვიყავი, თავდაჯერებული და ყველას ჩემსკენ ვახედებდი, ხანაც მასავით გავეხვეოდი ღრუბლებში და ყველას ვემალებოდი… ყველამ იცოდა სად ვიყავი, მაგრამ არ ვჩანდი!…

ადამიანები მოგზაურობდნენ, მლაშქრავდნენ!.. ჩემი სიდიადით ტკბებოდნენ!.. მოილტვოდნენ… დაიკმაყოფილებდნენ საკუთარ თავში აღმოჩენილ წადილს და მიდიოდნენ… მიდიოდნენ უკვე საკუთარ თავში დარწმუნებულები, გაბედულები, თავდაჯერებულები, ამაყები, ოცნება ახდენილები, გამოცდილება მიღებულები და ბედნიერები… და მეც მყინვარივით ვიდექი და ვუყურებდი!!!  ემოციებისგან დაცლილი! მათთვის ენერგია არ მენანებოდა!.. ვუყურებდი გაშიშვლებული.. როცა თოვლიც ვეღარ მფარავდა… თუ წვიმა იყო და ნისლი მიხაროდა… ამ დროს ცრემლების დაფარვა შემეძლო… ისინი კი ბარში დაბრუნებულები სიამაყით ამოიხედებოდნენ.. გაიფიქრებდნენ “მე ის დავიპყარიო” და ხევის დედოფალიც იდგა უძრავად და მათ, ამ სიამაყის ბოლომდე განცდაში ეხმარებოდა…

მერე ღამდებოდა… და ცაზე ვარკვლავები ჩნდებოდბენ იმედად…