მე და შენ ანუ მოდი ვიმოგზაუროთ!

  • 05/03/2018
  • Home
  • მე და შენ ანუ მოდი ვიმოგზაუროთ!

მოგზაურობა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.  დღესდღეობით ბევრი ვერ ახერხებს იმოგზაუროს ისეთი პრობლემის გამო, როგორიცაა ფინანსები (დღეის მდგომარეობით საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს) და თავისუფალი დრო, მეც ამ ორი უმთავრესი პრობლემის გამო დიდხანს არ დამიტოვებია ქვეყნის საზღვრები (დღესდღეობითაც ჩემი თანამდებობრივი სარგო არ არის დიდი, თუმცა ეს პრობლემა ვეღარ მაკავებს).

ყველაზე რთული მაინც რა არის როცა პირველად მიდიხარ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით? ყველაფერზე ღელავ, არ დააგვიანო თვითმფრინავზე, არ შეგეშალოს შენი მარშრუტის თანმიმდევრობა, არ დაგხვდეს გაუქმებული ჯავშანი, უბრალოდ არ დაიკარგო სრულიად უცხო ქვეყანაში, ნეტავ ფული თუ მეყოფა, ისედაც ხომ დათვლილი და ასჯერ გადათვლილი წამოვიღე და იქნებ არც კი მეყოს თუ კი ასჯერ კიდევ არ გადავთვლი და კიდევ უამრავი დეტალი.

მზადების პროცესი…. ბევრი ძიება, უამრავი ფრენისა და სასტუმროს ფასების შედარება. მთავარი ხომ ჩემზე მორგებული ფასები და თან კარგი ხარისხია… უამრავი გეგმას ვხაზავ დიდი რუდუნებით. საბოლოოდ ააწყობ ამ დიდ გზას და ამოისუნთქებ თუმცა  მაინც ბევრჯერ გადაიმეორებ რომ არსად ჩაიჭრა ეს ხომ გამოცდაა თან მართლა გამოცდაა ცხოვრებისეული ყველაზე დიდი ბედნიერება როცა ამ ყველაფერს შენით გეგმავ და ბევრს  წვალობ. მოგზაურობის ხიბლიც ხომ სწორედ მისი დაგეგმვის პროცესია..

  • მოვრჩი?
  • მე მგონი ყველაფერი რიგზეა, არა?! მოდი კიდევ ერთხელ კიდევ გადავხედავ
  • პასპორტი მაქვს?
  • მაქვს?
  • ბილეთები მაქვს?
  • კი, მაქვს ორივე ფრენის, აქვეა ავტობუსების ბილეთებიც
  • ჯავშანი სასტუმროების? ჰოსტელების?
  • არა?
  • უჰჰჰ, ამოვისუნთქე, ძლივს ვიპოვე
  • აქვეა დაზღვევაც და საკრედიტო ბარათიც.

„ძვირფასო მგზავრებო გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია (Flight 1676*) მილანის მიმართულებით დასრულდება 10 წუთში“- ჩამესმის  ხმა და ვგრძნობ რომ ფრენა იწყება ოღონდ ჩემი სულის!

გავიარე რეგისტრაცია და პიონერივით ზურგჩანთით ვდგავარ ამაყად და ველი სანატრელ ბორტზე ასვლას.

მზად ვარ ნამდვილად ხომ? საკუთარ თავს ბოლოჯერ ვეკითხები და აი, უკვე ავფრინდით, სული მაინც ღელავს, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ მეტყობა, ვითომ არაფერი ხულო-ბათუმის გზას გადიხარ. თუმცა არა, ვღელავ ჩემ თავს ხომ არ მოვატყუებ? კი, კი, ძალიან ვღელავ და ამ აზრთა დუღილში ვარ, როცა ჩამესმის ხმა- მალე დავეშვებით.

რა უნდა მოყვე, იმ ქალაქზე სადაც ერთი დღე რჩები (ღამით) პირველ რიგში მადლიერი ხარ ყველაფრის, რომ ეს შეძელი და სასტუმროს ნომერში ზიხარ უკვე.

ანუ? პირველი ეტაპი გადავლახე დავდგი ფეხი „ახალ მიწაზე“…

ბათუმში მეტრო როგორც მოგეხსენებათ არაა, თუმცა ეს ის ტრანსპორტია რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი და ყველაზე მეტად ვიყენებ ევროპაში.

მეტროს არსებობა ან იმის აღნიშვნა რომ მეტრო ბათუმში არაა, არ იქნებოდა საჭირო, რომ არა ის ფაქტი რომ დუომო პლაზა უნდა ვახსენო, ამოვედი მეტროდან და გაოცებისგან კარგა ხანს გონს ვერ მოვედი. დუომო კათედრალის უზარმაზარ კართან მთელი საათი ვიდექი და იმ კარით მთელი ახალი აღთქმა წარმოვიდგინე. უბრალოდ ერთი კარი, რომელზეც მთელი ისტორია ამობურცულია თუმცა თითქოს ფილმივით გადამეშალა წინ.

დაღამდა!

ხშირად ვიმეორებდი ფრაზას რომ „ყველა გზა რომში მიდის“ და ჩემი გზაც იქით წავიყვანე. ვინმე რომ მეკითხება რა მომეწონა რომში სამი სიტყვით აღვწერ ხოლმე „ესაა ქალაქი 360°-ით“..  ოთხი დღე მეგონა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი ძეგლი და სანახაობა მენახა, თურმე შევცდი ვიღვიძებ დილით ადრე და გავრბივარ სასტუმროდან, იცით  კოლიზეუმიდან მთელი დღე ვერ გამოვედი, ბოლოს როცა ხმა მომესმა რომ ნახევარ საათში იკეტებოდა გული პატარა ბავშვივით დამწყდა, ხვალაც რომ მოვიდე? არა, არ შემიძლია მე ხომ თანხა უნდა შევინახო და სხვა უამრავ ადგილას მოვხვდე კიდევ, და აი დადგა ბოლო დღეც, დღეს ვატიკანში მივდივარ და ვაანალიზებ, რომ ეს პუნქტი შემეშალა იმიტომ რომ ბოლო დღისთვის ცოტა შორია.. მაგრამ მაინც წავალ .. წავედი და ნამდვილად არ ვინანე.. წმინდა პეტრეს ტაძარი.. როგორ აღვწერო ნამდვილად არ ვიცი.

დაღამდა და ამჯერადაც კიდევ ჩემს რუკაზე დავიხედე, ერთი განახათ ჩემი რუკა, ჩემი ხელით დახატული რუკაა, სულ ასეთებით დავდივარ (რა თქმა უნდა ყველა მოგზაურმა ყველა ქალაქში ჩასვლისთანავე ქალაქის რუკა უნდა მოიძიოს), სხვა შესაძლოა სულ ვერ მიხვდეს რომელი ქვეყანაა ასახული რუკაზე, მაგრამ ყველა ლოკაცია მონიშნულია, მერე თან როგორ მატარებლის სადგურით, აეროპორტის მისამართებით, ავტო სადგურებით, მათ შორის მანძილები კილომეტრებში და ის სავარაუდო დროით, რაც დამჭირდება ერთი ლოკაციიდან მეროეში გადაადგილებისთვის.

საღამოს უკვე ფრენა მაქვს და რეგისტრაცია უნდა გავიარო ფრენაზე.. უკვე ძალიან დაღლილი ვარ მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები რომ ძალა არ მაქვს… რეგისტრაციაც გავიარე და აეროპორტშიც დროზე მივედი.

აქ იგივე ხმა ძვირფასო მგზავრებო გაცნობებთ, რომ რეგისტრაცია  (Flight 1677*) პარიზის მიმართულებით დასრულდება 10 წუთში  მესმის და ახლა უფრო მოკრძალებულად ამიფაკლდა ლოყები, მივხვდი რომ უკვე გამოცდილივით ვიქცეოდი და ჩემ თავზე მეღიმებოდა.

პარიზი? სულ უარყოფითი მესმოდა პარიზზე, არაა სუფთა ქალაქი, ბევრი ემიგრანტია და ა.შ. თუმცა მაინც არ გადავიფიქრე და აი აქ ვარ…

პირველად პარიზის სავიზიტო ბარათს ვეწვიე და რაღა დაგიმალოთ იმ წამს ზე-აღფრთოვანებული არ ვარ, მერე ხომ იცი გამოსავალს ეძებ, რომ თქვა: არა ლამაზია, მაგრამ იმდენი რაკურსით მაქვს ფოტოები ნანახი, (3D-შიც კი), რომ ალბათ მეჩვენება…

მერე ქალაქს გავეშურე აქ კონკრეტული გეგმა არ მქონია, უბრალოდ გავუყევი ქუჩებს და ასე დავეხეტებოდი დაღამებამდე. აი, ამ ყველაფერმა კი აღმაფრთოვანა, ულამაზესი ქალაქი თავისი ყველა პატარა კაფეებით თუ უამრავი ლამაზი მაღაზიით და ვიტრინით.. თავი ზღაპარში მეგონა და მეც ფერიასავით დავფარფატებდი… საღამოს განათებული ეიფელისკენ გავეშურე და ციმციმ უცებ თვალები გამიფართოვდა… აღწერო ის გრძნობა რაც გეუფლება როცა გგონია რომ ამხელა ეიფელი შენ თვალებში გიყურებს ცოტა გიჟურიცაა და აბსოლუტურად წარმოუდგენელი, თუმცა მიყურებს და რა ვქნა. ახალ იცი რას ვფიქრობ ვინ იცის ჩემი ენა? ქართული!  და გიჟივით ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე მას.. ტრიალი დავიწყე და თავბრუსხვევისგან სიცილით მიწაზე დავენარცხე.

ვწევარ მიწაზე, ცოტა კიდეც შემცივდა, თუმცა სიხარულისგან და სიგიჟისგან ვხურვარ და ადგომაც კი მენანება…

უკვე სასტუმროს ნომერში ვწევარ და ისევ მეცინება ჩემ საქციელზე და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ის გავაკეთე რაც მომინდა იმ წამს, რომ გამეკეთებინა. ყველაფერი რაც მთავარია რუკის მიხედვით განხორციელდა და გეგმამ იმუშავა.

დავეშვით, და უკვე ჩემს მიწაზე ვარ და თან ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ყველა წასვლას დაბრუნება სჭირდება აუცილებლად.

მოგზაურობის ერთი კვირის აღწერას ალბათ მთელი ნოველის დაწერა მოჰყვებოდა, თუმცა ჩემი საიდუმლოს გამხელის დროც მოვიდა ეს ყველაფერი რაც მოგიყევით ჩემი თვალით არც კი მინახავს, ეს მოგზაურობა ჩემი მეგობრისაა, რომელსაც მე დავუგეგმე მთელი მარშრუტი, ის რუკაც ჩემია, ის გზაც მე განვლე მასთან ერთად, მთელი მოგზაურობის პერიოდი მის გვერდით ვიყავი (თვალს ვადევნებდი, რომ არაფერი შეშლოდა, რეგისტრაციაც მე გავიარე მის ნაცვლად შუა კვირაში)

ყველაზე დიდი ბედნიერება იცი რა არის?

როცა იცი რომ ადამიანი გენდობა (არაპროფესიონალს) მოყვარულ მოგზაურს და განდობს მის პირველ მოგზაურობას.

მე მოგზაურობის გეგმის შედგენა ყველა ჰობზე მეტად შემიყვარდა.. მე არა მარტო პირადი მოგზაურობა მსიამოვნებს არამედ ის, რომ სხვისთვის ამ დიდი სიამოვნების მინიჭება შემიძლია.

მე ეს რამდენჯერმე განვიცადე და ამას კიდევ გავაკეთებ აუცილებლად.

პ.ს. წერილში ყველა ემოცია ჩემი მეგობრის მონაყოლიდან გამომდინარე არის აღწერილი (რომში და მილანში  პირადად ნამყოფი ვარ, პარიზში – არა).