მაინც წავედი ბაგანში

  • 14/02/2018
  • Home
  • მაინც წავედი ბაგანში

ამოუცნობის, მისტიკურისა და განსხვავებულისკენ ლტოლვა ალბათ ყველა ადამიანშია. ჩემში კი თითქოს გადამეტებულადაც. დავდივარ და მუდმივად ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცას ვეძებ. მოგზაურობამ მაჩვენა, რომ ადამიანს ყველაფერი აქვს უკვე საკუთარ თავში, ყველაფერი იცის, მაგრამ დავიწყებული აქვს და გარე სამყაროში ეძებს პასუხებს, აი, მაგალითად მიანმარის არქეოლოგიურ ზონაში – ბაგანში.

იანგონი მიანმარის  დედაქალაქია, ტაილანდიდან ჩავფრინდი მარტო. წავედი ავტობუსების სადგურში, ღამის ავტობუსით ბაგანში უნდა წავსულიყავი, უკვე საღამო იყო. მსგავსი ქაოსური სადგური ჯერ არ მინახავს, ბილეთიც აღარ იყო, ყველა ავტობუსი შევსებულიყო. ამიტყდა ტირილი, არ ვიცი სად ვარ, არც ენა ვიცი, არავის ვიცნობ, სრულიად მარტო ვარ საკუთარი თავის იმედად. ბოლოს ერთი კეთილი გოგო გამოჩნდა, მეზობელ სადგურში წამიყვანა და იქიდან  გავყევი ღამის ავტობუსს.

ჩავედი ბაგანში. ბაგანი უზარმაზარი არქეოლოგიური ზონაა, ოდესღაც 10 000-ზე მეტი ტაძარი იყო უკიდეგანო მინდორზე, დღეს ბევრი დანგრეულია, თუმცა ბევრიც შემორჩენილია. გაჩერებიდან სასტუმრომდე ტაქსით წავედი, ბაგანში შესვლას ცალკე „ნებართვა“ სჭირდება, მომცეს ბეჭდიანი „Bagan Pass”, სასტუმროში დილაუთენია მივედი, ისე მიხაროდა, ინგლისური რომ იცოდნენ, თურმე რამხელა სასწაულია, როცა ადამიანებს ერთმანეთის ენა გვესმის, ჩვენ კი ამაზე არც ვფიქრობთ, სანამ იქ არ აღმოვჩნდებით, სადაც არავის ესმის ჩვენი, და არც ჩვენ გვესმის სხვისი.

დავჯექი და დღიური ამოვიღე, წერას შევუდექი, მარტო ვიყავი და საშინლად მჭირდებოდა ვინმესთვის გაზიარება ემოციების. ამ დროს სხვა მოგზაურები გამოჩდნენ, გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, ისინიც მარტო იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე ძალიან ბევრი გვქონდა საერთო. ერთად ვისაუზმეთ და დავაწყეთ ბაგანის მონახულების რამდენიმედღიანი გეგმა.

ავიღეთ რუკა, დავიქირავეთ სკუტერები, ავიღეთ გუდა-ნაბადი, დავიფარეთ ჩაფხუტები და გავუდექით გზას. ტაძრები მიმოფანტულია, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, მაგრამ ყველა განსაკუთრებული აურით, სულიერებით. არასდროს მომწონდა მუზეუმებად გადაქცეული მდიდრული ტაძრები, მორთულ-მოკაზმული ამქვეყნიური ბრჭყვიალა მატერიალური ნივთებით, ბაგანში კი ყველა ტაძარი უბრალოა, არანაირი სიმდიდრე, მხოლოდ სიძველე, მისტიკა, სიგრილე და ენერგეტიკა. ამბობდნენ არავინ იცის ტაძრების კედლებში რა არისო, აშკარა იყო რომ საოცარი ენერგია მოდიოდა, არ იყო ამქვეყნიური. რაღაც მართლაც არსებობს!

გზად ქუჩის მიანმარულ რესტორანშიც გავჩერდით, ადგილობრივმა სახლში შეგვიპატიჟა, ვნახეთ როგორ ცხოვრობენ, 100 წლის ბებია როგორ ეწეოდა დღეში 7 საათი ბურმულ სიგარეტს, ეზოში მიწაზე მჯდარი დედა როგორ აწოვებდა ძუძუს ახალშობილს, როგორ ართავდნენ ძაფებს დღეები და შემდეგ როგორი იაფად ყიდდნენ ასე ნაწვალებ შარფებს, მაგრამ მაინც ყველა საოცრად ბედნიერი ჩანდა. ბედნიერების საიდუმლო იციან!

მთელი დღე უამრავი თავგადასავალი გადაგვხდა ჩემს ახალ ნაცნობებსა და მე, სრულიად დამავიწყდა მარტო ყოფნაც, ტირილიც და დროებითობაც, დღის დასასრული კი საუკეთესო იყო. ერთ-ერთ ტაძარში მივედით, ბრტყელი სახურავი ჰქონდა, ავედით სახურავზე რომ მზის ჩასვლისთვის გვეყურებინა. საოცარი სანახავი იყო, ჰორიზონტი ჩანდა შორს, მიუწვდომელი და ამავდროულად არარსებული, ახლოს კი ტაძრები. ალბათ ცხოვრებასაც ისევე ვუყურებთ ადამიანები, როგორც ჰორიზონტს, შორიდან და რეალურად ვერასდროს ვეხებით. ამბობენ, შენ ოღონდ ღმერთამდე მიდი და თუ გინდა თავდაყირა მდგარმა იპოვეო ის მარადიული, რასაც ღმერთს ვეძახით. ღმერთი კი ჩვენშია და მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ გონებას გავაჩერებთ. ეს კი, აბა ცადეთ, ყველაზე რთულია.

მე გავიზარდე.