იტალიური პიცა იმერული საკმაზით (ეძღვნება “პოზიტივებს”)

  • 05/03/2018
  • Home
  • იტალიური პიცა იმერული საკმაზით (ეძღვნება “პოზიტივებს”)
  • მარტოხელა მოგზაურის ვოიაჟებს,  ალბათ, აქვს თავისი ხიბლი. აბა, რა! უცხო მხარეში საკუთარი ცოდნის, უნარების, კომუნიკაბელობის, მოკლედ, საკუთარი  თავის იმედად გადაადგილება მართლაც რომ იმსახურებს ჩემს აღტაცებას, მაგრამ ჩემთვის უპირატესი მეგობრებთან ერთად მოგზაურობაა: ჯერ ერთი, თიკოს ყოველთვის     ყველაფერი წვრილმანებამდე აქვს გათვლილ_გაწერილი, შემიძლია არხეინად ვიყო, მეორეც, ჩემი ხალისიანი მეგობრების იუმორი ყველაზე ბანალურ მარშრუტსაც დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს.
  • ამიტომაც იყო ჩვენი იტალიური მოგზაურობა  პიცასავით ზუსტი რეცეპტით გაწერილი, მაგრამ ისეთივე მრავალფეროვანი და საინტერესო. იმერული იუმორის საკმაზებმა ხომ დაუვიწყარი “გემო” მიანიჭა. ჯგუფში ისეთი იუმორის ფეიერვერკია, მენანება დასავიწყებლად და ნებაყოფლობით ვიტვირთე მემატიანის ტვირთი. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ: პრიზს თუ ვერ მოვიპოვებ, კარგ განწყობას ხომ შეგიქმნით?
  • თვითმფრინავში ადგილების მოძიებისთანავე დაიწყო:

__ვაიმე, ლალიკო, როგორ გაგიმართლა, ფანჯარასთან მოხვდი!

__აბა, რა! ნაცნობი თუ გამოჩნდება, ხელს დავუქნევ!

  • დილით, გაჩერებაზე თიკომ სიმპათიური ქალბატონი შეარჩია და უაქცენტო იტალიურით გამოკითხა ავტობუსის მარშრუტი, ქალბატონმაც ასევე იტალიურად უპასუხა, თიკომ მადლობა გადაუხადა და ჩვენ მოგვიბრუნდა:

__ბავშვებო, გადავდივართ მეორე მხარეს!

__ვაიმე, ქართველები ხართ?_ქართულად ყვირის ქალბატონი, რომელიც ქუთაისელი აღმოჩნდა.

აბა, იქ იყო “ქართველი ხარ, ბიჭო!” და “კისერზე ხალი ხომ არა გაქვს?” ჩვენმა სიცილმა და ხმამაღალმა მოკითხვებმა უცებ დაუფრთხო სიმშვიდე წყნარ იტალიურ გარეუბანს.

  •  ყველა ტრანსპორტში გამოკრული გაფრთხილების მიუხედავად, რომ უნდა ვერიდოთ  ჯიბის ქურდებს, ეტყობა ავტობუსში ყურადღება მოვადუნეთ  ჩვენი ზურგჩანთების მიმართ. ინგამ ძლივს მოასწრო და პირდაპირ ხელზე უტაცა ქურდს, რომელსაც მისი საფულე უკვე ხელში ეჭირა. ჩემი მტერი დარჩეს ფულისა და დოკუმენტების გარეშე უცხო ქვეყანაში!

ქურდი იქვე გაჩერებაზე ჩახტა ავტობუსიდან, ინგა საგულდაგულოდ ინახავს საფულეს და ამბობს: “ამგენმა კი არ იციან , მე ქუთაისიდან რომ ვარ ჩამოსული აქანა! ხალხს იქით ვუყოფ ჯიბეში ხელს!”  დასკვნა: ხალხი ყველგან ერთნაირია,(თითქმის).

  • ჩვენს ჭკვიან ანას სუვენირებად ჩურჩხელები წამოუღია, იმას აჯილდოებდა, ვინც ჩვენ მიმართ კეთილგანწყობას გამოავლენდა. ერთი სიმპათიური მაურო თვითონ მიხვდა, რომ არასწორად მივდიოდით და საკუთარი ინიციატივით მიგვასწავლა სასტუმროსკენ სწორი გზა.

__ხომ იმსახურებს ჩურჩხელას?__კითხულობს ანა და ზურგჩანთში იქექება.

__კიიი, მიდი, გაუშვი წვეტით!__ვყვირით ჩვენ. მაურო გაოცებულია ჯერ ჩვენი ხმაურით, (რავარია, იტალიელს ხმაურით რომ გააკვირვებ), მერე უცნაური საგნით, ანა კაი ხანს  უხსნიდა, რომ ეს დეკორატიული სანთელი კი არა, არამედ საჭმელია, დელიკატესსსს!

  • ანას მარტო ჩურჩხელა კი არა, ხორბალიც წამოუღია.  დოჟების სასახლის მოედანზე, ვერონაში ადიჯეს ნაპირებზე და კომოს  ტბაზე ფრინველებს “კონტრაბანდულ” საკენკზე ეპატიჟებოდა. “–ნაჩიფეხა ყოფილა, ნაჩიფეხა!”–იძახდა იხვის დანახვაზე ანა. არ ვიცი, ამჩნევთ თუ არა ფოტოზე, როგორი შეურაცხყოფილია იხვი: “__ნაჩიფეხა თქვენსკენ მოიკითხეთ, რიონზე, მე სუფთა სისხლის ვერონელი იხვი ვარ, ჯულიეტას მეძახიანო”,– ამბობს.
  • იყო ჯგუფში ხალხი, მუზეუმებს არ სწყალობდნენ, მხატვრობა არ აინტერესებდათ, (ალბათ, ერთფეროვნების გამო:)) მივხვდი, ერთად სიარული არ გვარგებდა და გავაფრთხილე:–დოჟების სასახლეში რომ შევალთ, მიცვალებულივით ნუ “მოკრუგავთ” და გამოცვივდებით, გვაცალეთ, ვისაც დათვალიერება გვინდათქო. (კანონმორჩილი ხალხი ვართ, გადაღება კიბეებზევე შევწყვიტეთ)
  • ახლა ვერავინ იტყვის, რომ ქუთაისლებმა “დროშა ვერ დაკიდენ!”
  • გარემოვაჭრე
  • სად ვიშოვოთ ამდენი რომეო?
  • ჩვენს ჩაცმულობაზე იზრუნა ბურანოს მერიამ
  • ოპუნცია, ანუ “აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო?”

 

  • ყველაფერი წინასწარ გვაქვს გაწერილი და სულ ტრანსპორტს რატო მივდევთ?
  • მოსაყოლი კიდევ ბევრია, თუმცა შინაგანი ცენზურის გამო  რაღაცეების დაწერაზე თავს ვიკავებ, სკაბრეზი, ბულინგი და რაღაც “ფობიები” რომ არ დამაბრალონ. იუმორი, პირველყოვლისა კეთილი და უწყინარი უნდა იყოს. ბოლოს კი დავასრულებდი: მეგობრებთან ერთად მოგზაურობა__მაგარია!