ინდიანა ჯონსის გზა – მოგზაურობა პეტრაში

  • 03/03/2018
  • Home
  • ინდიანა ჯონსის გზა – მოგზაურობა პეტრაში

თვალები ნახშირით აქვს დახატული და ალბათ ამის გამო განსაკუთრებით უბრწყინავს, თმები კუპრივით შავი, ბრიოლინით გასიპული და დაკულულებული, ქუდი ფარფლებაკეცილი, შიშველ ტანზე ტყავის ჟილეტი და დახეული ჟინსები – შორიდან ჯეკ ბეღურას ჰგავს.

 

  • ვერ ივლით, მონასტრამდე აქედან ოთხი კილომეტრია, უკან გასასვლელამდეც შვიდი. უკვე ღამდება და მოგზაურობა გაგიჭირდებათ! – საუბრის დროს თვალებს ჭუტავს და კარგად გაკვირდება.
  • რას გვთავაზობს? – ვეკითხები ნათიას.
  • 50 დინარი და ორივეს ვირით მიგვიყვანს იქამდე.
  • აუფ, ეგღა მაკლია, პეტრაში ბედუინების ვირით ვიარო და თან ამაში ფული გადავიხადო! – გავბრაზდი.

ჩვენ პეტრაში ვართ, იორდანიის ყველაზე საოცარ ისტორიულ ქალაქში, 2300 წლის წინანდელ, მსხვერპლშეწირვის სარიტუალო ნიშნთან, კლდეში ნაკვეთი დასახლების ყველაზე მაღალ წერტილზე.  აქედან უზარმაზარი ტაძრები ასანთის კოლოფებივით ჩანს, მოგზაურების ფიგურები კი არც ირჩევა. აღმართისა და დიდი სიმაღლის გამო აქამდე ხალხი იშვიათად ამოდის, ისიც ალბათ დილით, ახლა კი ჩვენს გარდა აღარავინაა.

  • მარცხნივ ინდიანა ჯონსის გზაა, კინო ხომ გინახავთ? ჰოდა მიხვდებით, საფეხურებს ჩაჰყვებით და იქიდან კანიონში გახვალთ, მერე იმ ორ მთას შუა გაივლით და ტაძარით იქვეა, – არ გვანებებს თავს ბედუინი ბიჭი. მხოლოდ ის ლაპარაკობს, მეორე ჩუმადაა და თითქოს არც გვისმენს. ხანდახან თვალს აპარებს ჩვენსკენ და ჩუმად გვათვალიერებს.
  • წავედით, თუ ჩქარა ვივლით, დაღამებამდე მოვასწრებთ! – თავს ვიმხნებ და ქვემოთ ვეშვებით.

ბედუინები გვტოვებენ, ვირები კლდის ქიმზე ჰყავთ დატოვებული. ერთმა, სულ ჩუმად რომ იყო, ქვის უზარმაზარ საფეხურთან დაკუნთული ტანი ოდანვ მოჭიმა და ისე ახტა, თთქოს აფრინდა. ერთ წამით გავშეშდი, 80 წლის ბებერივით შემშურდა, უკან მივყევი და ძლივს ავფორთხდი იმ საფეხურზე.

 


მარტო დავრჩით. სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი ფეხის ხმაღა არღვევს. კლდეებს შორის ვიწრო, ნახევრად დანგრეულ გზაზე ჩამოვდივართ და საოცარ, თაღებიან ტაძრთან ვხვდებით. ტურისტებისთვის გაკეთებული დაფა იუწყება, რომ აქ გმირების მავზოლეუმი და სარიტუალო დარბაზია. უკაცრიელ კანიონში ამის წაკითხვა ცოტა მაშინებს, მაგრამ  უკან წასვლა შეუძლებელია – ძლივს ჩამოვეფერთხეთ ვიწრო საფეხურებზე.

პეტრა კლდეს ნიშნავს. მისი ყველა კედელი უნიკალური ქანებისგან შედგება. წითელი და თეთრი ფერი ერთმანეთში ირევა და თავისი სილამაზით თავბრუს გახვევს. მაგრამ დაბინდდა და პეტრას სილამაზეს ვეღარ აღვიქვამ, მარტო იმას ვდილობ,  ტაძრის გზა არ დავკარგოთ.

  • იუჰუუუ, ჯორჯიაააა! – სადღაც შორიდან ისმის ყვირილი..

ჩვენ ხევის პირას ვართ, მეორე მხარეს კი ჩვენი ორი ბედუინი დგას ვირზე ამხედრებული.

  • “ტაქსი” ხომ არ გინდათ?
  • არრრაააააააააა! – ისევ უარზე ვარ მე.

ხევიდან დაოთხილები ამოვდივართ, უკვე ბნელა. ამოსასვლელთან ისევ ჩვენი ბედუინები გვხვდებიან, ვითომ შემთხვევით.

  • ღმერთო, თავს არ დაგვანებებდნენ? – უკვე გაცოფებული ვარ და ნათიასთან დიალოგს აღარ ვუსმენ, ისე ვაგრძელებ გზას.
  • 20 ევრო კაცზე და მიგიყვანთ, თქვენით ვერ მიაღწევთო – ამბობს ნათია.

მე არ ვჩერდები.  ბიჭებს კი ბოლო კლიენტები არ ეთმობათ.

ამ ვაჭრობაში გორაკის წვერზე ავდივართ. ძალიან ბნელა და ვხვდები, რომ ტაძრამდე მარტო მისვლა შეუძლებელია. პეტრაში აღარავინაა, მართლა, აღარავინ! მოვაჭრე ქალების ხმაც კი აღარ ისმის. ჩვენ, ორი ბედუინი და ორი ვირი!

  • კარგი! – დავყარე ფარ-ხმალი – აბა, იმ ტაძრის უნახავად როგორ უნდა წავიდეთ?

ნათია ყველაფერზე თანახმაა. თან ჩემმა ბუზღუნმა დაღალა, თან თარჯიმნობამ.

  • რომელი ვირი გირჩევნია? – კითხულობს “მოლაპარაკე” ყმაწვილი და პატივისცემის ნიშნად თავისი “ჩუმი” მეგობრის თეთრ ვირს მთავაზობს.
  • ჯანდაბას, თუ ვირია, თეთრი მაინც იყოს, – ვფიქრობ ჩემთვის და ძლივს ვაფოფხდები უნაგირზე.

 

თუ რამე იმედი გამიჩნდა ვირზე ამხედრებისას, ორ წუთში ყველა თავზე მემსხვრევა. ვხვდები, რომ ჩემი “ბედაური” ორ კლდეს შორის, ვიწრო კანიონში საფეხურებზე ადის! მართლა, დედას გეფიცებით, კლდეში გამოკვეთილ ქვის კიბეებზე ადის. სადამდე ვითვალე, აღარ მახსოვს. როგორ შემეშინდა, აღარც ის მახსოვს, სად მივდიოდი, აღარც ეგ მახსოვდა. ჩემი ვირი სწრაფად მიდიოდა და პატრონიც ხტუნვა-ხტუნვით მოჰყვებოდა უკან. ამასობაში ვარკვევ,  რომ ვიწრო საფეხურების ცალ მხარეს უფსკრულია – რამხელა, არ ვიცი, თავს ვერ ვაბრუნებ. სულ მგონია, რომ ვირი სადაცაა გადამჩეხავს.

  • გააჩერეეეე! სტოოოპ! – ვყვირი.
  • ხოროშოოო, – ბედუინი ისე იცინის, სილის გაწვნა მინდა.
  • ნათიაააა!!!! – ვკივი განწირული.

ნათიას ხმა არ ისმის, არც მისი მოლაპარაკე ბედუინის სიმღერა, მანამდე რომ არ გაჩუმებულა და აღარც მისი ვირის ფლოქვების ხმა. თავს როგორ ვიმაგრებ ატორტმანებულ პირუტყვზე შეშინებული, არ ვიცი.

  • ქალი რო ხარ მაწანწალა, ხო ღირსი ხარ, ამოგხდეს სული აქ! რა გინდოდა ან ვირზე, ან მონასტერში, ან  ბედუინებში? წათრეულიყავი სამოგზაუროდ, როგორც სხვები დადიან დასასვენებლად და გდებულიყავი სადმე სანაპიროზე. ორი შვილის დედა ხარ, რა იორდანია აგიტყდა! – თუ რამე სალანძღავი სიტყვა ვიცი, არაფერს ვიშურებ საკთარი თავისთვის. ვირის გაკავებას ვცდილობ და გულში გამუდმებით ვიმეორებ: “ღმერთო, შენ მიშველე და ახლა მშვიდობთ დამაბრუნე და ვინც კიდევ ასე წანწალი მოინდომოს…!” – მოვთქვამ ხმამაღლა, გამახსენდა ყველა საშინელი ისტორია ბედუინებსა და გატაცებულ ქალებზე და თან “ღმერთო მიშველეზე” პირჯვარის გადაწერისაც მეშინია. რა ვიცი, იორდანია სირიას ესაზღვრება, ეს ბედუინი ექსტრემისტი მუსულმანი არ აღმოჩნდეს.  ჩემი თავი უცებ ფორთოხლისფერ მოსაცმელში წარმოვიდგინე და …
  • თეა, მეძახდი? – ნათია თავის მეგზურთან ერთად ფანრით ამოდის საფეხურებზე. – ვირზე შემეშინდა და ფეხით ამოვედით. ჯერ ისევ შორიაო.
  • წავიდეთ რა უკან – ვეხვეწები და ძლივს ვაბრუნებ ჩემს “ბედაურს” ხელისგულისოდენა ადგილზე. ჩამოსვლის უფრო მეშინია.
  • არ შეგეშინდეს, ახლა უკან უფრო ადვილად წავალთ, – მამხნევებს ნათიას მოლაპარაკე “ჯეკ ბეღურა”.

აღარ მეშინია. ვირიც მომწონს.  სახელი ვიკითხე და „ჯესიკა“ რქმევია. კანიონიდან გაშლილ მინდორზე გამოვდივართ. შორს სიკის კანიონი ჩანს, წითელი ზოლებით შეფერილი ქანებით. პეტრაც ხომ “კლდეს” ნიშნავს და ეს ფერებიც ზღაპრული ქალაქის გმირად გაქცევს.

უცებ აღმოვაჩინე, როგორ გამოიკვეთა სიბნელეში პეტრას საოცარი კონტურები. ეს მთვარე ამოსულიყო ისე, რომ არც შემიმჩნევია, ჩემს ჩრდილსაც კი ვხედავ, ვირზე ამხერებულს.
– ახლა რომაელების აშენებულ ტაძართან ვართ, ეს ცოტა გვიანდელია და ქვაფენილიც მაშინდელი დაგებული ყოფილა – მიხსნის შორიდან ნათია, რომელიც თავისმა მეგზურმა მაინც ვერ დაითანხმა, ვირზე დამჯდარიყო.
ქვაფენილი დიდი, კარგად გათლილი ქვებითაა დაგებული, გვერდით, რომაული არქიტექტურისთვის ჩვეული, მრგვალი, მაღალი სვეტებია ჩამწკრივებული. მთვარის შუქი ისე ანათებს, კოლონების ჩრდილიც კი სიმეტრიულია. პეტრას იდუმალ სიჩუმეს მხოლოდ ჩემი თეთრი ვირის თოხარიკობის ხმა არღვევს. მთვარეს ვუყურებ და უცებ თავი 2300 წლის წინანდელ ქალაქში მგონია, თითქოს ფლოქვები მიწას არ ეხება და საოცარ სამყაროში მივაბიჯებ. ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ, ეს მოგზაურობა სწორედ ამ შეგრძნებით დავიმახსოვრო. მინდა, ეს იდუმალება, დაუსრულებლად გაგრძელდეს – სიჩუმე, მთვარის შუქის დაწნული ფარდები ვარდისფერ კლდეებზე და გამოქვაბულების პირდაღებული სიშავე.


განძსაცავთან მივდივართ, იქ, სადაც ღამის პეტრას ზეიმისთვის ბედუინები ფანრებს ამზადებენ. რამდენიმე ადამიანი ქვიშით სავსე ქაღალდის კოლოფებში სანთელს დგამს და ცეცხლს უკიდებს. – მოგვეხმარეთ, გვეუბენბა  მთავარი ბედუინი.
ნახევარი საათის შემდეგ მე უკვე – გადაქანცული და ნათია – ხელბდაფუფქული გაშტერებული ვისხედით და ვუყურებდით, როგორ ანათებდა ფანრების მკრთალი შუქი წითლად მოკიაფე ტაძრის ჩუქურთებს…


მე ვიყავი იქ და იმ დროს, სადაც არავინ დადის, მთვარის შუქზე რომის იმპერატორივით გამოვიარე კოლონადა (მერჩია ცხენით ვყოფილიყავი, მაგრამ თეთრ ჯესიკასაც რა უჭირდა) და ღამით, როცა უამრავი ტურისტი ჭიშკართან იდგა და ღამის ტაძრის სანახავად თავის რიგს ელოდა, ის ტაძარი მათთვის ბედუინებთან ერთად მეც გავანათე. ამის შემდეგ რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, თავი ახდენილ სიზმარში რომ მეგონოს.