იმერული ნაპრალი

  • 25/02/2018
  • Home
  • იმერული ნაპრალი

მკითხველო, მინდა ერთი პატარა რაღაც გთხოვო. უბრალოდ ამ ჩანახატის წერის დროს მოუსმინე კლასიკურ მუსიკას და ფიქრებით ბოლომდე გამომყევი. შენთვის ჯერ ხომ არაფერი მითხოვია? ამიტომ ნუ მეტყვი უარს იმაზე, რაც მარტივი შესასრულებელია და არანაირ კომპრომისს არ მოითხოვს. გამომყევი და ისეთ ვირტუალურ სოფელში გამოგზაურებ, სადაც თუ ოდესმე აღმოჩნდები, პირობას გაძლევ, აუცილებლად გამიხსენებ.

პირველ რიგში მინდა ვისაუბრო იმ ურთიერთობაზე და მეგობრობის ხანგრძილოვობაზე, რომელიც ჩემსა და სოფელ გორდს შორის არის. პირველად სამი წლის წინ ჩავედი იქ, სადაც არაფერი განსაკუთრებული არ დამხვდა და პირველი შთაბეჭდილება საშინელი იყო. აგვისტოს პაპანაქება სიცხეში ჩვეულებრივად საზაფხულო სამოსით დავდიოდი დღის ნებისმიერ მონაკვეთში და არც ამ სოფელში ვყოფილვარ განსხვავებულად. მაგრამ საღამოს ისე აცივდა, რომ წვიმის წვეთებიც კი დამეცა. მაგრამ ყველაზე უცნაური შემდეგ მოხდა. მაღლა რომ ავიხედე არ წვიმდა, არც არავინ მასხამდა წყალს, მაგრამ წვიმის წვეთები კვლავ მეცემოდნენ. დავტოვე და გავცდი დიდ იმერულ ეზოს, გავაღე ჭიშკარი და ზემოთ, კინჩხისკენ რომ გავიხედე დავინახე „ულამაზესი“ ნისლი, რომელიც გარშემორტყმოდა მთელს სოფელს, მთების სილამაზეს ფარავდა და ბატონობდა. თითოეულ უსულოს ქმედებას რაიმეს ვუკავშირებ ხოლმე და არც ნისლი ყოფილა გამონაკლისი. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მთებისა და ულამაზესი ჩანჩქერების ფონზე მას ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან არაფრით ლამაზი და უნიკალური არ იყო. ყველას თვალთახედვას უბინდავდა და არავის უყვარდა. ამიტომ გაჯიუტებულმა და გაეგოისტებულმა რამდენიმე წუთში გადაფარა სილამაზე და ყველას ყურადღება მიიპყრო.

პირველად გამაოცა სრულიად ბუნებრივმა და არამომხიბლავმა რამემ,ნისლმა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუკი რაღაც, რაც თვალთახედვაში ხელს მიშლის ოდესმე აღმაფრთოვანებდა.

მორიგი გაოცება მეორე დღეს დაიწყო, როდესაც ჩანჩქერი მოვინახულე. კლდეში ნაკვეთი ქალაქი არა, მაგრამ კლდეში ნაკვეთი სოფლის გავლა კი მომიწია მასთან „მიღწევამდე.“ გავიარე სოფელი, სადაც მხოლოდ სამი ადამიანი შემხვდა, ერთმა გზა მიმასწავლა და ცოლ-ქმარმა დაღლილ დაქანცულს სოფლის ცივი წყალი დამალევინეს. როგორც ყველგან ხდება ხოლმე, გამომკითხეს საიდან ვიყავი და იქ რას ვაკეთებდი. კიდევ ერთი ჭიქა ცივი წყლით გამიმასპინძლდნენ და გამომიშვეს. რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილამდე მივედი. თავი „ველურ პირობებში მეგონა.“ არანაირი საკვები და სასმელი. გარშემო მხოლოდ მოზვინული კლდეები,უზარმაზარი ჩანჩქერი და ენერგიამოჭარბებული გოგო-ბიჭები იყვნენ. მაგრამ მთავარი მაინც ჩანჩქერია, სიცოცხლისა და რიტმის დასაწყისი. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, თერგია მოძრაობა და არა მყინვარწვერი.  სწორედ მსგავსი მაგალითია კინჩხა. რომ შეხედავ, იმდენად ლამაზი,სწრაფი და მიუწვდომელია, მაშინვე სურვილს აღგიძრავს, მისნაირი იყო. მიუწვდომელი, სწრაფი და ენერგიადაუშრეტელი. თვალუწვდენელი ადგილიდან იღებს სათავეს, წარმოუდგენელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ეცემა ძირს. მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით თუ არ დადექი, ცელქი ბავშვივით ეცდება შენს დასველებას და დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდე, რომ მისგან მშრალი თავს ვერ დააღწევ. შემდეგ უერთდება კანიონს, რომელიც დიდ მოზვინულ ქვებს შორის არის მოქცეული. თითქოს არ არის ღრმა, მაგრამ საკმარისია მასში ჩახვიდე, რომ როგორც ჭაობში მასში  ისე ეფლობი და იმდენად ღრმა აღმოჩნდება, რომ ვერც კი წარმოიდგენდი. შემდეგ მიედინება კლდისკენ, რომელიც თვალწინ ულამაზეს პეიზაჟს შლის. დიდი და საშიში კლდე, საიდანაც იშლება სურათი იმისა, თუ როგორ ფუსფუსებენ იმერელი დედაკაცები დიდ იმერულ ეზოებში, როგორ სცხელათ იმერელ ხეებს, რომლებიც ოდესღაც მეგრელობას იჩემებდნენ.

სოფელი, სადაც სამ წლიანი მოგზაურობა მაკავშირებს, ყოველ წელს ერთსა და იმავე ლოკაციებზე, არასდროს ყოფილა ჩემთვის მომაბეზრებელი. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, თვალები რომ ამიკრათ ნებისმიერ ადგილს მაინც მივაგნებ-მეთქი. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც იმდენად ვეჩვევით რომ მათ გარეშე ვეღარ ვძლებთ, სწორედ მსგავსია ეს სოფელი. სილამაზის და სიყვარულის სოფელი. ხომ მართლა, სიყვარულზე გამახსენდა, მახსოვს ბებოები დაკოჟრილი და მუშა ხელებით როგორ გვთავაზობდნენ ხილს. შეიძლება სხვას რომ მოეწოდებინა იგივე ხილი ისეთი ტკბილი და გემრიელი არ ყოფილიყო, მაგრამ როდესაც იცი, რომ იმ ადამიანმა მისი ზამთრის სარჩოს ნაწილი შენთვის გამოიმეტა და დიდი სიყვარულით მოგაწოდა, შეუძლებელია მისი ჩახრამუნებისას ემოციებიც არ გადასანსლო და სისხლში არ გაგიჯდეს.

სიტყვა მოგზაურობაზე ბევრს გაახსენდება ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩები, ბიზნეს კლასის ბილეთები, ჰავაის კუნძულები და მრავალი ფუფუნების ადგილები. მაგრამ მე პირველ რიგში მახსენდება ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ფეხით მაქვს დალაშქრული, არანაირი ბიზნეს კლასი, არანაირი ზედმეტი ხმაური და ფუფუნების ნივთები. უბრალოდ ულამაზესი ბუნება, გაეგოისტებული ნისლი და უსაყვარლესი მოხუცები, რომლებიც ისე გიღებენ ოჯახის კარს, როგორც საკუთარ შვილიშვილებს. შეუძლებელია ამ სოფელში მოხვდე და დადებითი ემოციებით არ აღივსო. შეუძლებელია გორდის ნაპრალში შეძვრე და იქიდან დაღწევა ფიზიკურად მაინც თუ მოახერხე, სულიერად მთელი ცხოვრების განმავლობაში მაინც იქ დარჩები. და საბედნიეროდ, ვერასდროს მიაგნებს ნაპრალის იმ კარს, რომელიც იქიდან თავის დაღწევის საშულებას მოგცემს.