იმერეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

  • 16/04/2019
  • Home
  • იმერეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე იმერეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებე ზოგადი სამოქმედო პრინციპების შეთანხმებისა და დახვეწის მიზნით, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს (მუნიციპალიტეტების მერებს) შეხვდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფინანსირების ვალდებულებები იყო. ამ მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები იღებენ ვალდებულებას, რათა მომდევნო წლების ბიუჯეტში გაითვალისწინონ საჭირო მატერიალური სახსრები. მუნიციპალური უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების რენოვაციის პროექტების მომზადებისა და განხორციელებაში. პარალელურად, რეგიონულ თვითმმართველობებს სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის საიტების მართვისა და განვითარების მიმართულებით ქმედით დახმარებას გაუწევს, რაც საკონსულტაციო მომსახურებასა და პროცესებში პრაქტიკულ თანამონაწილეობაში გამოიხატება. კომპლექსური პროექტების განხორციელებისას მხარეთა სამოქმედო გეგმები წინასწარ შეთანხმდება.

შეხვედრაზე იმსჯელეს გელათის სამონასტრო კომპლექსის 2016 წელს გაფართოებულ ბუფერულ არეალში ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის აუცილებობაზე, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტების მიერ უნდა შემუშავდეს ზოგადი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმები.
ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ღირებულების დაკარგვის შემდეგ, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან აქტიური კომუნიკაციითა და დიდი ძალისხმევით საქართველოს მხარემ მოახერხა გელათის სამონასტრო კომპლექსის გაფართოებული ბუფერული ზონებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება. ეს გარემოება კი ამ მემკვიდრეობის დაცვის უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომლის ერთერთი წინაპირობა ცალკეული არეალების ქაოტური განაშენიანებისგან დაცვის მექანიზმების შემუშავებაა.
იმ საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, რომლებსაც სააგენტოს საბჭო პერმანენტულად განიხილავს, აშკარა ხდება სხვადასხვა გაუშენიანებელ არეალებში ქაოტური მშენებლობების არსებობა, რაც პროცესების სათანადო ჩარჩოში მოქცევასა და თანმიმდივერულად განხორციელებას საჭიროებს. ხსენებული პრობლება მიგვანიშნებს ადგილობრივი ლანდშაფტის კულტურული მახასიათებლების დეგრადირებაზე, რაც კვლავაც არასასურველი პერსპექტივის წინაშე გვაყენებს. რამდენადაც, 2016-2017 წწ-ში გელათისათვის შემუშავებული მართვის გეგმა სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის ანაწილებს პასუხისმგებლობებს, ცენტრალურ და თვითმმართველ სახელმწიფო უწყებებს შორის შეჯერებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა მართვითი ინსტრუმენტის ერთობლივად ამოქმედება. ამ მხრივ, სააგენტო მზადაა თვითმართველობებს მისი კომპეტენციის ფარგლებში გაუწიოს მეთოდოლოგიური დახმარება.

მხარეთა შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქ ქუთაისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის თემასაც.
ქალაქის ეფექტური დაცვის მექანიზმებით აღჭურვისა და სათანადო რესურსებით
განვითარებისათვის საჭიროა ქალაქისათვის შესაბამისი სივრცული დაგეგმარების ინსტრუმენტების დროული შემუშავება, რაც ქუთაისს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე კუთვნილ ნიშას დაუბრუნებს.

ამავდროულად, შეხვედრაზე განიხილეს მხარეთა შორის საკოორდინაციო მექანიზმების შეთანხმება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კულტურული მეკვიდრეობისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერთიანი სამოქალაქო მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების წარმოება და ხელშეწყობა; რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის სივრცეების ირგვლივ მდგრადი სათემო ეკონომიკური განვითარების საფუძვლების შექმნა და ხელშეწყობა.

რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხების მიმართ სამოქმედო პრინციპების შეთანხმების მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობებთან საქმიან შეხვედრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო თვეებშიც განაგრძობს.

წყარო: კულტურული მემკვიდრეობა