თვითმფრინავში გაკეთებული ჩანაწერი

  • 28/12/2018
  • Home
  • თვითმფრინავში გაკეთებული ჩანაწერი

თვითმფრინავის კაბინაში,როდესაც ვზივარ,მადლობა ღმერთს ფანჯრის გაღება არ შემიძლია,თორემ მეც ღრუბლად ვიქცეოდი და ასე ვიპოვიდი მარადისობას სამყაროში.ფრენის დროს ყველაზე მეტად მაოცებს რომ ცაში ვარ,მაგრამ ვარსკვლავები უფრო მაღლა ანათებენ.ქვევით ზღვებია,ოკეანეები,ყვავილები და ტყეები,მე არ მეშინია,რადგან ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი,როდესაც ღმერთმა რამდენიმე წამში შექმნა ჩემი სხეული,სულის დასრულებას კი წლები დასჭირდა..მიყვარს ცაში ყოფნა,მავიწყდება ვინ ვარ,მგონია,რომ ანგელოზი ვარ..მახსენდება როგორ ვიჯექი ხოლმე შეშის ღუმელთან ბავშვობაში და ვოცნებობდი,თვითმფრინავები იყვნენ ჩემთვის სამყაროს ანგელოზები,სადღაც მეგულებოდა მე ჩემი სულისთვის ძვირფასი საგნები..შემდგომ მოვლენები და ღრუბლის თეთრი ფენები უსასრულ ადამიანად რომ გაგრძნობინებს თავს და ამ ყველაფერს,როგორ ადვილად ვნებდები.არასდროს მბეზრდება წერა.სხვა ადამიანი ვხდები ,თვითმფრინავში კი სული იცვლება,ყველაფერი იცვლება შენში..მე ადვილად ვრწმუნდები რომ ცოტაც და ღმერთის სახლს მოვკრავ თვალს და მის კაბის კალთას თუ შევახებ ხელს წერის უნარს დავკარგავ,რადგან როდესაც ღმერთთან აღმოვჩნდებით ყველაფერი გვავიწყდება..მაგრამ მე სულის ხმას როგორ დავივიწყებ,არ ვიცი..საინტერესო პროექტის შესასრულებლად მივფრინავ სტამბოლში.პოსტში კი ასე არ ჩანს..სიღრმისეული აღწერით დავაბნიე ალბათ ჩემი მკითხველი.არა,აეროპორტში სტარბაქსის ყავა ვიყიდე და ახლა თვითმფრინავში მივირთმევ.ჩვეულებრივი ვარ.. უკვე მინდა სწრაფად დავეშვა ძირს და დილით საქმეს შევუდგე..დაღლილი ვარ.ვარცხნილობა დამეშალა.თეთრ პერანგსაც პეწი დაუკარგავს.პლედს გვირიგებენ და ისე უბრალოდ ვემზადებით დასაძინებლად თითქოს სახლში ვიყოთ და დასაძინებლად ვწვებოდეთ.გარეთ კი ქარია,ცივა,ვარსკვლავები გაყინულები დგანან თავიანთ ბუდეებში.ერთ საათში ინათებს კიდეც..მე კი ვგრძნობ ძილი მერევა. უხერხულობას ვგრძნობ საკუთარ თავთან.მინდა კიდევ დავწერო და ვიგრძნო.ვერ ვახერხებ. თავს,ფანჯრის მხარეს ვატრიალებ და თვალებს ვხუჭავ..ამაზე მეტი რა უნდა დამესიზმროს? ადამიანის სული ხომ უსასრულო ცისფერი სივრცეა….სტიუარდესა აცხადებს რომ თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაეშვა.გამოვფხიზლდი.ბოსფორში გაჩერებულ გემებს ამჯერად ვერ მოვკარი თვალი…სტამბოლში წვიმს.აეროპორტში სრული ქაოსია,ქაოსია და მეც ვმშვიდდები.ჯადოსნური სამყაროდან რეალურ ცხოვრებაში შევდივარ.