ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაიწყება

  • 10/04/2019
  • Home
  • ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაიწყება

წელს, პირველად ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები იწყება. ტუროპერატორ „ტეზტური“-ს წარმომადგენლები, რომელიც ფრენებს ბათუმის მიმართულებით სექტემბრიდან იწყებს, 20-მდე ტურისტული კომპანიის წევრთან ერთად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ლიეტუველ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად შეხვდა და რეგიონისთვის ვილნიუსიდან პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ესაუბრა.

 შეხვედრაზე სტუმრებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა. ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა, სადაც დეპარტამენტი მარკეტინგულ და ონლაინ რეკლამებს ანხორციელებს. გასულ წელს, აჭარაში ლიეტუვადან 33%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

ინფოტური ლიეტუვადან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-ს ორგანიზებით ჩატარდა. 2018-2019 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინფო და პრესტურებისას რეგიონში 1000-ზე მეტ მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი