ვენა – ქალაქი მშვენიერება

  • 01/09/2018
  • Home
  • ვენა – ქალაქი მშვენიერება

ქალაქი მუზეუმების, ქალაქი მუსიკის, ქალაქი ხელოვნების… ვენა, ქალაქი მშვენიერება….მშვენიერება კი თავადაც იცით, რომ „გადაარჩენს სამყაროს”.

ვენაში ჩასულებს მხოლოდ 3 დღე გვქონდა იქაურობის დასათვალიერებლად, 3 დღე კი, ჯერ მხოლოდ მუზეუმების სიმრავლეს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან ცოტაა, აღარაფერი მინდა იმის თქმაზე, რომ თავად ქალაქია მუზეუმი. თითქოს მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები შეკრებილან და ერთად შთაუბერიათ ამ ქალაქისთვის სული, თითოეული შენობის ყველა ნაკვთი დიდი მოწიწებითაა შერჩეული, წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარია მთავარი მშვენიერება, აღმართულა ქალაქის გულში დახვეწილი ქალღმერთივით… ფერადი ვიტრაჟები და ჰაეროვანი ჩუქურთმები, უჰ, როგორ გიზიდავს ეს კათედრალი და ქალაქის ულამაზეს ხედს თავად ხელის გულზე გიშლის…. უყურებ მთელ ვენას…ქალაქში დიდების სუნი ტრიალებს, რომელსაც ბექგრაუნდად მუდამ გაჰყვება მოცარტის მეორმოცე სიმფონია. ქალაქი, ამ სიმფონიასავით რაღაც მომენტში მშვიდი და რაღაც მომენტში მძვინვარე და ბობოქარია.

ყველა ქალაქში სეირნობისას ხომ ვერ გაივლი სასახლის გვერდით, თანაც მხოლოდ ერთის? შონბრუნი, ბელვედერი, ჰოფბურგი… სასახლეებში სიარულისას და ხელოვნების ნიმუშების თვალიერებისას შენც მათი ნაწილი ხდები. მგონია, რომ ვენაში არ არსებობენ უბრალო ადამიანები, აქ თითქოს ყველა დიდებულია. ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ადამიანები საერთოდ არ არიან, ეს ერთი ფრანგული ფილმიდან სცენას მახსენებს: გოგონა „მათხოვარს” ხურდას აწვდის, ის კი პასუხობს- დღეს კვირაა, კვირაობით არ ვმუშაობ- და გაღიმებული უარს ამბობს ამელის მიერ შეთავაზებულ ფულზე. მახსენდება ზღაპრული ბაღები ბავშვობის მულტფილმებიდან, ზუსტად მათსას ჰგავდა შონბრუნის სასახლის ბაღი.

და, უკრავს შტრაუსი. და, უკრავს ბეთჰოვენი. და, უკრავს შუბერტი.

ზოგადად, უცხო ქვეყნებში ტრანსპორტით მგზავრობისას მგონია რომ რაღაცას ვკარგავ, მინდა რომ ყველაფერი ფეხით მოვიარო, აი ვენაში, ტრანსპორტიც კი კულტურაა, „მძღოლური სიმღერების” ნაცვლად, ვენის ავტობუსშიც კი მოცარტი ჟღერს, ჰმ და ამ უკანასკნელის ხმა საპირფარეშოებიდანაც კი გამოდის.

ბევრი ძალიან მაგარი მხატვრის ნახატის ხილვაა ამ ჯადოსნურ ქალაქში შესაძლებელი, მაგრამ გამორჩეულად, ქალაქი მაინც ეგონ შილესა და გუსტავ კლიმტს ეკუთვნით. დიახ, ხანდახან კლიმტის მგონია ეს ქალაქი, რადგან ყველგან სიყვარული და კოცნაა.