ერთხელ დევების ტბაზე

  • 04/03/2018
  • Home
  • ერთხელ დევების ტბაზე

2017წლის ზაფხული. კარგად დაგეგმილი შვებულებისთვის ვემზადები და გეზი ავიღე  საჩხერისკენ, სოფელ ჩიხაში. მამლის ყივილი მაღვიძებს, მზის სხივებით გამთბარ ოთახში გაღვიძება ხომ ყველაზე იმედიანი დღის დასაწყისის მოლოდინია, მითუმეტეს სასურველი საზოგადოების გარემოცვაში რომ ხარ. 07:00 საათი. ბავშვების სირბილი დილიდანვე, სახლი თავდაყირაა. მზადდება ყავა და ვსვამ სასურველ საზოგადოებაში, დეიდასთან ერთად(ამ დროს ყავა ყველაზე გემრიელია), ნინის დოდღინი, მაკას ხმაურიანი სიარული სამზარეულოში და იას ფაციფუცი. გასასვლელად მზად ვართ. გეზი – სოფელი მოხვა, “დევების ტბის” პირას პიკნიკის მოწყობა გვაქვს გეგმაში. წავედით და თან დეიდას ხმა მოგვდეს “სულ დადიხართ სახლში გაჩერდით და ამ გარაჟის ბალავერი ჩამასხმევინეთ!!!”. დავპირდი რომ ბიჭებს მოვახმარდი, ოღონდ ხვალ… საჩხერეში გავჩერდით. ვიყიდეთ “საპიკნიკედ” რამერუმეები და წავედით. მარტო “დევების ტბის” ნახვით ხომ არ შემოვიფარგლებოდით, მთელი დღე წინ იყო და გზად ჯრუჭის მონასტერში შევიარეთ. მანქანა ცოტა მოშორებით დავტოვეთ და გზას ფეხით გავუყევით. წინ არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. მონასტრის ნანგრევების ახლოს ჩამოვჯექით და საოცარი დღის მოლოდინში გართულები facebook-ზე ადგილმდებარეობის მოსანიშნად ინტერნეტი ჩავრთე და გავაზიარე. ნოდოს გაუკვირდა და იკითხა -wifi-მ დაიჭირა? ზურამაც პასუხი არ დააყოვნა -კი და მამაო ჩვენოა პაროლი. ამ სიტყვების მერე ვერ გავიგეთ გვეცინა თუ გვეჩხუბა, მაგრამ გიორგის პატარა დარიგების მოსმენა მაინც მოუწიათ ორივეს.  წამოვედით მონასტრიდან, ცოტახნით მდინარის პირას გავჩერდით, ვისაუზმეთ გავგრილდით და გზა გავაგრძელეთ.

ავედით სოფელ მოხვაში და იქ ვიკითხეთ, რომელი გზით ავსულიყავით “დევების ტბაზე”. ერთმა გვითხრა ადვილად მიაგნებთო და ჩვენც გზა გავაგრძელეთ. ცოტა წინ რომ წავიწიეთ ხალხი შეგვხვდა და მათაც ვკითხეთ, პასუხი კი ასეთი იყო: -იქ ასვლა გაგიჭირდებათ, ძალიან შორია, ამ სოფლიდან მხოლოდ სამმა კაცმა იცის გზა. რამდენიმე ბილიკი მიდის ტყეში, თუ აგერიათ გზა, უკან გამობრუნება გაგიჭირდებათ, უდაბნოს ტყეს ეძახიან ამ ადგილს. რეზიმ პასუხი არ დააყოვნა -ამისთანები მიმიგნიაა!!! რამდენიმე ოჯახში ვიკითხეთ სავარაუდო გზა და ბევრმა არც კი იცოდა რომელი მხრიდან უნდა გვევლო, მაგრამ ასვლის სურვილი იმდენად დიდი იყო რომ გზა გავაგრძელეთ(ფაქტი იყო რომ საკმაოდ რთული დღე გველოდა წინ).გზადაგზა წითელი ნიშნულები გვხვდებოდა, თავიდან ნიშნულებს მივყვებოდით და სწორად მივდიოდით, მარტივიც იყო გზის გაგნება. შემდეგ უკვე ნიშნები დაგვეკარგა და მდინარე მოხვურას ავუყევით, იას( ჩვენი მაგელანი) თქმით, ეს მდინარე დევების ტბიდან მოდიოდა. საერთოდ არ იყო ეს ლოგიკური ნათქვამი, მაგრამ მაინც ავყევით მდინარეს, იმ იმედით რომ სადმე გასასვლელ გზას მივაგნებდით(სადმე გასასვლელი ნამდვილად მოვძებნეთ), როდემდე ვივლიდით ასე, გზა აღარ მიდიოდა და სადმე უნდა გადაგვეხვია, ესეც ჩვენი მაგელანი. გადავწყვიტეთ მარჯვენა გზას ავყოლოდით. მივდივართ უაზროდ. უამრავი უცნაური ტყის ველური მცენარე და მწერები შეგვხვდა, ძალიან ლამაზი ტყის პეპლები.

რამდენიმე ბილიკიდან ერთი ავირჩიეთ და ბევრი სიარულის შემდეგ მივხვდით ტყუილად დავდიოდით. გადავწვიტეთ აქამდე გამოუყენებელი ნავიგატორი ჩაგვერთო. დანიშნულების ადგილის მონიშვნის შემდეგ ჩვენი სავარაუდო ადგილი რომ მოინიშნა ვხედავთ, რომ დევების ტბის საპირისპირო მხარეს ვმოძრაობდით და საერთოდაც, ეს ე.წ. “დევების ტბა” ძალიან შორსაა. მივყვეთ ამ ნავიგატორსო ვთქვით. მივყვეთ მაგრამ როგორ? ბილიკი არ მიდის ტბისკენ, და ეს უკვე ბილიკიც არაა რასაც მივყვებით, მაგრამ რაც არის მივყვებით იმ გზას. ნოდოს შეძახილები ზოგს ნერვებს უშლიდა, ზოგს ამხიარულებდა. სადაც ყველაზე დიდი ტალახები იყო იქ ჩავვარდი თან ისე კოხტად, რომ დაცინვას ნამდვილად ვიმსახურებდი. გზას მაინც ვაგრძელებდით, რეზის თქმით ბილიკი აუცილებლად მიგვიყვანდა ტბამდე. მივყვებით ვითომ ბილიკს, ვითომ ნავიგაციას და ბოლოს გაუვალ ტყეში აღმოვჩნდით, მივდივართ ეკლებიან ბუჩქებში, გადავდივართ ჭაობებზე მორების დახმარებით, გზის გაგრძელებას აზრი არ ქონდა და ნაწილს უკან დაბრუნება უნდა ნაწილს წინ წასვლა და რის გამოც წამოვედით მივიდეთ იქამდეო. ტბის უნახავად წასვლა, რა თქმა უნდა, თავმოყვარეობას შეგვილახავდა, დასაცინად არ ეყოფოდა დეიდას. -კარგი, მივიდეთ, მაგრამ როგორ? -ნახევარი საათი კიდევ ვიაროთ და თუ გზა არ გამოჩნდა მერე დავბრუნდეთ, უკან თქვა გიორგიმ და წავედით. უკვე ბნელდება 17:30 წუთი და ჩვენ არც კი ვიცით სად დავდივართ, სად ვართ. ტელეფონები არ იჭერს, ზოგს დამჯდარი აქვს. მივდივართ ეკლებში, არც ბილიკია და თან ყველა ნაბიჯზე რბილი, თითქოს ჭაობიანი ნიადაგი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ უკვე პანიკა ატყდა. დავბრუნდეთ უკან! ვიფიქრეთ ხეებზე ნიშნულები გაგვეკეთებინა უკან დასაბრუნებელი გზა რომ არ დაგვკარგოდა, მაგრამ ქვა ვერსად ვნახეთ, ალბათ დევებმა გაასუფთავეს ტყე 🙂  მე გიორგი და მაკა ვითხოვთ უკან დაბრუნებას, რაზეც ძალიან ბრაზობდნენ დანარჩენები. რეზი, ია, ნოდო და ზურა გზის გაგრძელებას აპირებდნენ. (ესეც მაგელანის ექსპედიციის მონაწილენი) ტბის ნახვა ყველას გვინდა და აქ წამოსვლა ჩემი ბრალი უფრო იყო მაგრამ გზა ვერ გავიკვლიეთ და ჯობდა უკან დაბრუნება, მითუმეტეს უკვე ბნელდებოდა. როგორც იქნა, დავითანხმეთ ყველა და გამოვბრუნდით, მართალია ბუზღუნით მოგვდედავდა რეზი, მაგრამ ეხლა არ გინდა გზა გაიგნო?! გზა არ ჩანს, უბრალოდ ტყეა ჩვენ წინ, ხშირი ტყე. ყველას სახეზე იმ წუთში ისეთი შიში აღიბეჭდა, ისეთი დაბნეულობა. სად წავიდეთ, რომელ მხარეს?! იმ წუთში მარტო ის ვიცოდი რომ დიდი შანსია დავკარგულიყავით.

იმას ვფიქრობდით, რომ უდაბნოდ წოდებულ ტყეში მოვხვდით და დამხმარე არავინ გვეგულებოდა მალე დაბნელდება და რომ ვერ გავაღწიოთ? არანაირი ბილიკი არ ჩანს. პანიკური შიში ყველას ერთნაირად დაგვერია. ნოდო ხეს არჩევდა სადაც ღამეს გაათევდა. ყველა ერთმანეთს საყვედურობდა, “გზა არ იცოდით და სად მიდიოდით?” ცოტახანი უაზროდ ვიხეტიალეთ და როგორც იქნა გავლილი “გზა” ვიცანით.

როგორც ვიცოდით სოფლიდან 6-7 კმ იქნებოდა ტბამდე. ჩვენ კი. თუ აპლიკაციას ვენდობოოდით, დაახლოებით 16-18 კმ ვიარეთ. კარგა მანძილი რომ ხეტიალში გავატარეთ, უცებ ხმა გაისმა კაცის. გავიქეცით ამ ხმისკენ და კაცი რომ დავინახეთ ამოვისუნთქეთ. გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი მარშრუტი საპირისპირო მხარეს იყო. ძალიან შორს გვივლია და ძალიან უაზროდ. გვასწავლა გზა სოფლისკენ მიმავალი. სახლისკენ გავეშურეთ, უკვე გვიანი იყო. როგორც იქნა ამდენი სიარულის შემდეგ იმ გზას დავადექით სადაც მდინარე მოვიტოვეთ. აქ კი სულ კისრისტეხვით ვიარეთ. ფერდობს დავადექით სოფელს რომ გადაჰყურებდა. ამდენ ხეტიალში ტბისკენ მიმავალ ბილიკზეც გავიგეთ. საპირისპირო გზით რომ გვევლო აუცილებლად მივიდოდით დანიშნულების ადგილამდე. იქედან დაღლილები სახლში რომ მივედით,23:30 სთზე აივანზე ბოლთას სცემდა დეიდა. როგორც კი დაგვინახადოინჯშემორტყმულმა დაგვკივლა:”სად დადიხართ გოგოო!!!!”

პ.ს. მაგელანმა(ია) ტბა ვერ აღმოაჩინა.