დედოფლის გორის არქეოლოგიური ექსპედიცია

  • 11/01/2019
  • Home
  • დედოფლის გორის არქეოლოგიური ექსპედიცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა არადეთის ორგორის (დედოფლის გორის) არქეოლოგიური ექსპედიციის საველე სამუშაოები.

გათხრების მიზანი იყო გორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სასახლის მორიგი ორი ოთახის და მათ დასავლეთით არსებული დერეფნის ნაწილის შესწავლა რამდენადაც სასახლის ნანგრევები გადაფარულია ადრეული შუა საუკუნეების კულტურული ფენებით.

დედოფლის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰუმუსოვანი ფენის აღების შემდეგ, პირველ კულტურულ ფენაში გაიწმინდა რიყის ქვის გროვა. კვადრატის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა ქვევრი, რომელსაც ძირისკენ აქვს 1 სმ. დიამეტრის ხვრელი. იმავე კვადრატის დასავლეთ პროფილთან გაიწმინდა რიყის ქვებით გამაგრებული ბოძის ორმო . მრავალფეროვანია პირველ კულტურულ ფენაში მოპოვებული კერამიკული ნაწარმი. ვხვდებით დიდი ზომის ქვევრის ნატეხებს და გვერდებაკეცილი კრამიტის ფრაგმენტებს. თიხის ჭურჭლის ნატეხისგანაა გამოთლილი დისკო.

გარდა თიხის ჭურჭლისა ნაპოვნია დედოფლის გორის ზედა კულტურული ფენისათვის დამახასიათებელი თიხის კვირისტავი და ხელსაფქვავის ფრაგმენტები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფაცეტებიანი მინის ჭურჭლის ფრაგმენტის აღმოჩენა .მასალა ტიპიურია ადრეული შუასაუკუნეების შიდა ქართლისათვის და თარიღდება IV-VI საუკუნეებით.გვიანელინისტური-ადრერომაული ხანის სასახლის ნანგრევები ჩნდებოდა პირველ კულტურულ ფენაში და თხრილის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ზედაპირზევე იყო ამოსული.

ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ხელსაფქვავიანი პოდიუმის უკან გაიწმინდა რკინის მაღალი სამფეხიანი კანდელაბრი . იქვე იატაკზე აღმოჩნდა ბრინჯაოს სხვა ნივთების დამდნარი ფრაგმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული წყვილჩლიქიანი ცხოველის მცირე ზომის ფეხი .

 

ექსპედიციის ხელმძღვანელი: დავით გაგოშიძე

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა