დამოუკიდებლობის დღე თელავში

  • 26/05/2019
  • Home
  • დამოუკიდებლობის დღე თელავში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელავში აღნიშნავს.

ღონისძიებას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

თელაველებს და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა დახვდათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი სტენდები ღვინის თემატიკას მოიცავს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 8 სივრცეა მოწყობილი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქვევრის მუზეუმის სივრცე, სადაც მეღვინეებმა სტუმრებს ქვევრის ისტორიას და განვითარების საფეხურები გააცნეს.ქვევრის მუზეუმში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქვევრის აგებულება და სტრუქტურა ენახათ, ასევე გაესინჯათ ქვევრში დაყენებული ღვინო.

ტურისტებისთვის წარმოდგენილია საქართველოს რუკა , რომელზეც თვალსაჩინოდ გამოსახულია ქართული ღვინის სახეობები, მისი წარმომავლობა რეგიონების მიხედვით.ქვევრის მუზეუმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი თიხის სახელოსნოა, სადაც თიხის ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულინარიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია, ასევე მოეწყო ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა. ადგილობრივ მეღვინეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია მოსული სტუმრებისთვის წარედგინათ. მოედნის შუაგულში განთავსდა 26 მაისის ლოგოს მასშტაბური ინსტალაცია.

კულინარიული სივრცის გვერდით მოეწყო საბავშვო გასართობი კუთხე დიდი სამაგიდო თამაშებით, ფერადი დეკორაციებითა და ატრაქციებით. გაიმართა თოჯინების თეატრი.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები გაიმართა.
თელავის მთავარ სცენაზე წარდგებიან: ჯგუფი „მარტივი გამოსავალი,“ ანსამბლი „ქართული ხმები.“

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია