გზა ფიტარეთისკენ

  • 27/02/2018
  • Home
  • გზა ფიტარეთისკენ

გზა ფიტარეთისკენ

იმ დღესაც წვიმდა. ოღონდ თბილისში წვიმდა და, სხვა რა გზა მქონდა, ამოვარჩიე დარიანი მხარე მეტეოროლოგიურ რუქაზე. მხოლოდ სამხრეთის რეგიონში უჩვენებდა მზეს. ამიტომ საფიქრალიც აღარაფერი იყო და სახელდახელოდ დავგეგმე ფიტარეთის მონახულება. ეს ის ერთადერთი ადგილი იყო სამხრეთში, მე რომ უნახავი დამრჩენოდა.

გავემზადე და წავედი ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და ექსტრემალურ გზაზე. წინასწარ დაძებნილი ინტერნეტ-ინფორმაციით  შევიტყვე, რომ გზა რთული იყო, მაგრამ მაღალი გამავლობის 4/4-ზე ავტომობილს არ გაუჭირდებოდა ადგილამდე მისვლა, მეც მარტივად გადავწყვიტე, პატარები ჩავსხი მანქანაში 🙂 და ადრიანად გავუყევი გზას მარნეულისკენ, გადავუხვიე თეთრიწყაროს რაიონისკენ, ჩავედი რაიონულ ცენტრში და გავცდი. მალევე შემხვდა ბანერი, -„ფიტარეთი 7“ – გზიდან მარცხნივ გადასახვევით მე ფიტარეთისკენ წავიდოდი, მანძილი 7 კმ. მოგვიანებით ეს  ტრაფარეტი არაერთხელ მწარედ გამახსენდა.

გადასახვევიდან იწყებოდა სოფელი ჯვარა, ერთადერთი დასახლებული პუნქტი ფიტარეთისკენ მიმავალ გზაზე. სოფელი იყო სასტიკად ღარიბი, ჩამოქონქილი სახლებით, სიცოცხლე არაფერს ეტყობოდა. ასეთი სიღარიბე მხოლოდ ტაბაწყურა-მოლითის მხარეში მინახავს. გამაკვირვა გიშერივით შავმა მიწამ. ისეთი შავი იყო, როგორც კახეთში. მცხოვრებლებს აქა-იქ დაემუშავებინათ საკარმიდამო ნაკვეთები და პამიდორი და კართოფილი ბიბინებდა, მხოლოდ აქა-იქ! სოფლის ბოლო სახლის ეზოში შუა ასაკის კაცი მიწას ჩიჩქნიდა, მანქანის დანახვაზე გაჩერდა, გაიმართა და გაოცებული სახით მოგვესალმა. მაშინ მეგონა, სტუმართმოყვარეობის ხათრით გამოხატა აღფრთოვანება, მოგვიანებით ამის მიზეზსაც მივხვდი და ვინანე, უცნობს რომ არ გამოველაპარაკე, ის ალბათ გადაგვაფიქრებინებდა გზის გაგრძელებას:)   

სოფელს გავცდი და დაიწყო აღმართი. დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, პატარა გორაკზე ეკლესიის ნანგრევები დავინახე და გავჩერდი. როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ შემოგარენში დასახლება იყო და ეს თლილი ქვით ნაგები ეკლესიაც ამ დასახლებული პუნქტის სამლოცველოს წარმოაგენდა. გუმბათი ჩამოშლილი იყო და ლოდები შემოგარენში ეყარა. ზოგი მათგანი ბუნებაში ნადიმის მოყვარულებს მწვადის შესაწვავ სადგარად გამოეყენებინათ. ეკლესიის შესავალში ვეებერთელა ჯვრისგამოსახულებიანი ლოდი იდო. სავარაუდოდ, სამლოცველოს სხვა ჩუქურთმებიც უნდა ჰქონოდა, რაზეც მოხაზულობის ზოგიერთი ფრაგმენტი მეტყველებდა, მაგრამ ნათლად მხოლოდ კარიბჭის ჯვარი იკითხებოდა (იხ. ფოტო).

გარშემო სულიერის ჭაჭანება არ იყო. გზას გავუყევით შერეული ტყით დაფარულ გორაკებზე. გზადაგზა პატარა, ბუნებრივ ტბებს ვხვდებოდით, ნაწვიმებზე გავსებულს. ცენტრალური გზიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით  უღრან ტყეში შევედით და ოღრო-ჩოღრო, დაბურულ, ატალახებულ გზას გავუყევით. გზა პირობითია ამ ადგილისთვის, უფრო საფეხმავლოდ დატკეპნილ კლდე-ღორღს გავს მაგრამ სირთულეს არ შევუშინდით და ჯიუტად მივიწევდით ტაძრისკენ. გზა სველი იყო, არა წვიმისგან, უფრო მიწისქვეშა წყლების მოწოლისგან. პირდაპირ ხის ძირებიდან წვეთავს ნაკადულები, ერთმანეთში გადახლართულ ფესვებს ეკონწიალება,  შეგიძლია, მანქანის ფანჯრიდან შეაგროვო მუჭით. სახელდახელო ნაკადულები გზის სიგრძეს მიუყვება და დაღმართზე იკარგება. გარშემო სულიერის ჭაჭანება არაა, მაშინ დავიწყეთ ფიქრი, შემხვედრი ავტომანქანის გამოჩენის ალბათობაზე და პირველად ამ დროს მომერია შიში, ვიწრო გზაზე არც გვერდის ასაქცევი ადგილია, მით უმეტეს,  ვერსად მობრუნდები. კილომეტრი უნდა იარო ატალახებულ გზაზე უკუსვლით, რაც შეუძლებელია.  ვერ მობრუნდები, ესე იგი, უკან გაბრუნებაზე ფიქრიც ზედმეტია, ერთადერთი იმედი მონასტრამდე მიღწევაა, ვფიქრობთ, რომ იქიდან ალტერნეტიული გზაც იქნება.

შუა გზაზე, ოღონდ მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ეს გზის მხოლოდ შუა მონაკვეთი იყო, ადამიანების კვალი ვნახე. მეგობრებს ორი ძმის სახელობის წყარო გამოეყვანათ, რაც ტრაფარეტზე იყო აღნიშნული. წყალი დავლიე და საგზლადაც წავიღე. ყინულივით იყო. გზა გაგრძელდა. ინტერნეტ ნავიგატორი ტელეფონზე მიგვანიშნებდა, რომ დანიშნულების აგილამდე მცირე მონაკვეთიღა გვაშორებდა და შევგულიანდი, თუმცა ტელეფონის ხშირმა მოხმარებამ მუხტი გამოლია და გაიზარდა იმის ალბათობა, რომ გაუვალ გზაზე ტყეში ჩარჩენილებს, ტელეფონით დახმარების მოხმობის საშუალებაც არ გვექნებოდა და უიმედობა შემომეპარა – საგზლად წამოღებული მცირე სანოვაგე ბავშვებმა მოგზაურობის დასაწყისშივე გააუვნებელყვეს… გზა კი გრძელდებოდა და თანდათან უფრო გაუვალი ხდებოდა – ეს იყო ღმერთის იმედად გავლილი გზა. მანქანა ფანჯრებამდე ეფლობოდა ტალახში. ყოველი დაღმართის ჩავლისას უფრო და უფრო რთული ხდებოდა აღმართის ავლა. უკან მიბრუნება შეუძლებელი იყო!

ასე გაიარა საათზე მეტმა დრომ. მალე გზა გაგანიერდა, მზეც გამოჩნდა და მეტალის ფირფიტაზე დაწერილი კვირბი დავინახე – „ფიტარეთი 3კმ.“ აქ უკვე იმედი მომეცა და დავადექით თავდაღმართს, რომლის მსგავსი თვით ყველაზე ექსტრემალური გზის მოყვარულსაც კი ხელს ააღებინებდა გატაცებაზე 🙂 მანქანა ჩადიოდა 80 გრადუსიანი დახრილობის გზაზე, მაგრამ ყოველ ასეთ თავქვეს მცირე ვაკეც მოყვებოდა და გონების მოკრებისა და შესვენების საშუალებას იძლეოდა. აქ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, ალტერნატიული გზის არარსებობის შემთხვევაში ეს ყველა დაღმართი აღმართად რომ იქცეოდა!

 

გზა უკვე აღარ იყო საუკუნოვანი ხეებით დაბურული და მზეს ვხედავდი, გზის ბოლოს კი გუმბათს ვეძებდი თვალებით, რომელიც, მართალია მალე გამოჩნდა, თუმცა გზა კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა, ფიტარეთის გუმბათის დანახვით გამოწვეული სიხარული უკანმობრუნებული მტრედის დანახვით განცდილ ნოეს სიხარულს გავდა.  და აი, გადაიარა მანქანამ მდინარე ქციის კალაპოტში და მონასტრის ეზოშიც შევედით…

კომპლექსის ტერიტორიაზე მოულოდნელი სტუმრების დანახვით გაოცებული ბერები გამოიშალნენ, ტაძარში მორჩილი ლაშა შეგვიძღვა, თან გაკვირვებას ვერ მალავდა, როგორ შევძელით ასეთი რთული გზის გამოვლა…

მონასტრის კარიბჭე გალავნით. გალავანი ძველ დროში თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა

ჩვენგან მივიწყებული, მთებში აგებული ფიტარეთი, დიდი სამონასტრო კომპლექსი აღმოჩნდა – ქვის მაღალი გალავანი, მთავარი ტაძარი, სამრეკლო და სამსართულიანი მარანი, რომელსაც, როგორც გავიგე, აღდგენას უპირებდნენ. ტაძარს კი უკვე ეტყობოდა რესტავრაციის კვალი – მეტალის კონსტრუქციები ლურსმანივით ჰქონდა გაყრილი მთელ ტანზე.

XIII საუკუნის ტაძრის ფასადი სავსეა ორნამენტებით, ოსტატს არ დაუშურებია ფანტაზია, ლომის გამოსახულებები აქაც გვხვდება, ხოლო გუმბათის ქვედა მხარზე ვერძის თავია გამოქანდაკებული. ტაძარი მთლიანად თლილი ქვითაა ნაგები, რომელთა შორისაც აქა-იქ ლამაზი მწვანე-იისფერი ქვებია ჩასმული.

 

ფიტარეთს არ აქვს ელექტროენერგია და ცივილიზაციის სხვა მონაპოვრებიც აქ უცხოა, ტაძარს მხოლოდ სანთლის შუქი ანათებს, თუ სამოთხე არსებობს სადმე, ალბათ ასეთია 🙂

ფიტარეთის მდგომარეობა მძიმეა – ის ჰაერის მაღალი ტენიანობის გამო ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენდა საბედნიეროდ, ტაძრიდან მეორე გზაც აღმოჩნდა – ტანძია-ბოლნისის მიმართულებით, რომელიც ერთადერთი იმედი იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ისიც საკმაოდ რთული გასავლელი იყო, დაუფიქრებლად დავადექით… მანქანა შუშებიანად ეფლობოდა უძირო გუბეებში, ტანძიამდე გაჭირვებით ჩამოვაღწიეთ, კაი ხანი გზა

მდინარის კალაპოტს მიუყვებოდა. ხელისგულზე მოვაგროვე მწვანე კენჭები, რომლითაც სავსე იყო კალაპოტი  – ეს სწორედ იმ ქვის ნაწილები იყო, როგორითაც უშენებიათ ოსტატებს ფიტარეთის მონასტერი – სამხრეთული ფირუზისფერი ლამაზი ქვები.

უკანა გზაზე ვიკიპედიაში დილით წაკითხული ინფორმაცია მახსენდებოდა: ლაშა-გიორგის მეფობისას აგებული ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი საგანმანათლებლო-კულტურული კერა ყოფილა, განთქმული თავისი წიგნთსაცავით. – ხოლო 1752 წელს “აიღეს ციხე ფიტარეთისა ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა. წაასხეს ტყვე ფრიადი“ – საუკუნეებით ადრე, ეს გზა უფრო გაუვალი უნდა ყოფილიყო, და რა ძალით შეძლო მტერმა და დამაქცევარმა მოთარეშე ტომმა აქამდე მოღწევა და მონასტრის დაქცევა? და თუ მათ შეძლეს აქამდე მოსვლა, ამდენი ხნის შემდეგ, ჩვენ რატომ გვიჭირს ამ კაცთაგან დავიწყებულ ადგლას მოსალოცად ამოსვლა?…… – ბოლოს კიდევ ერთხელ გადავლახე მდინარის კალაპოტი და ტანძიაში ჩამოვედი.

ეს თან მდინარის კალაპოტია, თან გზაა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამბობენ, ვინც ფიტარეთში ერთხელ მოხვდება, ის აუცილებლად დაბრუნდებაო და მეც იმედი მაქვს, ისევ გავივლი ამ გზას ჩემი სამი შვილით, ან მეტით – გზას რომელმაც ბევრ რამეზე დამაფიქრა.

 

 

ლელა მაჩაბლიშვილი