გესმის სიჩუმე?

  • 02/03/2018
  • Home
  • გესმის სიჩუმე?

ორანგაბადიდან აჯანტას გამოქვაბულებში სარეისო ავტობუსით წასვლა გადავწყვიტე. ზოგადად ასე დავადგინე, თუ ქალაქის სახელი „აბად“-ზე ბოლოვდება მუსულმანურია, თუ „პურ“-ზე ინდუისტების: აჰმედაბადი, ჯაიპური, ბოჯპური… – მოიცა, პუშკარი?! თუმცა, პუშკარი ხო სამყაროს ცენტრია… მოკლედ, ორანგაბადში მუსლიმებს ველოდი, მაგრამ ესენი რაღაცნაირი გაბრაზებული მუსლიმები აღმოჩნდნენ, სუნიტები, როგორც მერე გავარკვიე. სულ თეთრი ტანსაცმელი აცვიათ, თავზე თეთრი პატარა ნაქსოვი ქუდები ახურავთ და თუ ქალი ხარ, საერთოდ ზედ არ გიყურებენ…

ავტობუსში ადგილი აღარ იყო და სულ ბოლო რიგში, გაერთიანებული სკამებიდან ერთ-ერთში შევძვერი. ეს იყო გამოცხადებული „კარტახენას ავტობუსი“, ნუ, კაი, 90-იანებში ჩვენთან რომ პაზიკები დადიოდა, დაახლოებით ისეთი ჯაბახანა. ჩემს გვერდით ასაკოვანი მამაკაცი დაჯდა. ისე მოახერხა დაჯდომა, რომ საერთოდ არ შემხებია. გამახსენდა, ორიოდ დღის წინ, ასევე მუსულმანურ რეგიონში, ინდორიდან ბჰოპალამდე ავტობუსის ბილეთს რომ ვიღებდი, მკითხეს, მამაკაცის გვერდით დაჯდებიო… მერე ჩემი გაოგნება უარად ჩათვალეს და მითხრეს, კაი, არის ქალის გვერდით ერთი ადგილიო. იქ კარგი ავტობუსი იყო, მძღოლებს მფრინავებივით თეთრი კრიალა უნიფორმა ეცვათ, აქ კი მტვრიანი იყო ყველაფერი, ავტობუსიც და მძღოლიც. თუმცა, ამ ჩემს მეზობელ ასაკოვან მამაკაცს უქათქათესი მუხლებამდე პერანგი და გაკრახმალებული შარვალი ეცვა და სხვებთან შედარებით თავი ძალიან ღირსეულად ეჭირა. როგორ მოაღწია აქამდე ასე სუფთამ გამიკვირდა და უცებ, ჩემეული ფორმულა გამოვიყვანე, ალბათ აქ სიმდიდრე ტანსაცმლის სისუფთავით გამოიხატება, ყველას ყველაფერი თეთრი მიტკლის კი აცვია, მაგრამ ალბათ, რაც უფრო ქათქათა და გაუთოებულია ეს შენი მიტკალი, მით უფრო პრივილეგირებული ადამიანი ხარ. მართალი ვიყავი თუ არა ამ მსჯელობაში, ავტობუსი დაიძრა.

სხვა რეგიონებში მგზავრობისას ინდოელების ყურადღებით განებივრებულს ეს კუშტი დამოკიდებულება ძალიან მეუცნაურა. პროვინციებში მცხოვრები ინდოელები, მთელ თავის ინგლისურის მარაგს კანტი-კუნტად გამოჩენილ „თეთრ“ ადამიანთან ურთიერთობაში ხარჯავენ, სულ იღიმიან, ყველაფერს გიხსნიან და შავი თვალების ბრწყინვალებით გაგებინებენ, რომ ბედნიერი არიან შენთან ურთიერთობით. ესენი, არც ქალი, არც კაცი, ზედ არ მიყურებდა. ამ მხარეში ტურისტები იშვიათად ხვდებიან, მხოლოდ გამოქვაბულებში თუ მიდის ვინმე და ისინიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. ორასამდე კილომეტრი მორყეული ავტობუსით უნდა გვევლო და ერთხელ მაინც ვცადე და ვიკითხე,

  • ეს ნარგავები ბამბის პლანტაციებია არა?
  • Yes, Aurangabad!

დაუფიქრებლად მომახალა მეზობელმა, ჩემსკენ არც გამოუხედავს. რა პასუხი იყო ახლა ეს?! ეჰ, ჩემი ინდუსები ყოფილიყვნენ! ოთხი რიგის წინიდან მოიღერებდა რომელიმე ახალგაზრდა გოგო ყელს და ბამბის მოკრეფის, გარჩევის და რა ვიცი, კიდე რასაც უშვრებიან ბამბას, ყველა ტექნოლოგიას ჩამომირაკრაკებდა ღიმილით. ამ ოთხი რიგის კი არა, მთელი ავტობუსის მგზავრები ჩაერთვებოდნენ, რამე არასწორად არ უთხრაო და ისეთი თეთრი კბილების და შავი თვალების წკრიალით ჩავიდოდი აჯანტაში, ვერც ვიგრძნობდი ამ საშინელ ავტობუსს. ახლა კი, რა უნდა მექნა?! ეტყობა რაღაცა დავაშავე. საერთოდ, რა მინდოდა ამ ავტობუსში… სადამდე შეიძლება გაგრძელდეს თავგადასავალი?! მთელი გზა დაძაბულად გავატარე, ავტობუსშიც რაღაცნაირი სიჩუმე იყო, ერთმანეთსაც არ ელაპარაკებოდნენ, უძრავად ისხდნენ, მაგრამ რაღაც აგრესიული მუხტი იგრძნობოდა. ფანჯრიდან ყურებით გავერთე, დროდადრო ტელეფონში GPS-ს ჩავხედავდი, რომ რამდენი დარჩა მისვლამდე მცოდნოდა. როცა მივუახლოვდით, უკვე სულ რუკას ჩავყურებდი და ფანჯარაშიც დავინახე Ajanta თეთრი აბრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოვედი, ავტობუსმაც მოუხვია, როგორც რუკაზე ეხატა და გაჩერება დაიწყო. ტელეფონი შევინახე, ზურგჩანთას ხელი წამოვავლე და ადგომა დავიწყე… უცებ ასე სამი-ოთხმა მამაკაცმა რაღაც შემომყვირა… ადგილზე გავშეშდი. მარტო თვალები გავამოძრავე, შვიდი-რვა ადამიანი შეშფოთებული მიყურებდა. რა მოხდა? რა არ უნდა მექნა? ჩავდივარ – ავდექი… სხვა არაფერი მიქნია, უბრალოდ, ვარსებობდი… ხელის მოძრაობებით რაღაცას მიხსნიდნენ… მომავლისკენ იქნევდნენ… გამოქვაბულიო… მოიცა, მოიცა… ეს სოფელია და გამოქვაბულები იქეთაა?  დავჯდე? ხელითაც ვანიშნე, შვიდი-რვა თავი ერთად დაიქნიეს. ავტობუსიც ისევ დაიძრა… ყველა ერთად არ მომატყუებდა… ჩემი რუკაც კიდევ უფრო გავადიდე ტელეფონში და ასე 200-300 მეტრში გზის პირას გამოქვაბულების აღნიშვნა გამოჩნდა… ერთბაშად გავლღვი. უკვე გაბადრულმა ამოვყავი თავი ტელეფონიდან… მიმოვიხედე… სადღა იყვნენ… ყველა თავის ფანჯარაში იყურებოდა… აუუუ, აქ ესე იგი რა ხდება?! ზიხარ ავტობუსში, ავტობუსი მიდის… რა არი სალაპარაკო? თუ სხვა გაჩერებაზე ჩადიხარ, კი ბატონო, მოგხედავენ, გიპატრონებენ, თუ არა, იყავი რა შენთვის, რას ფართხალებ?!

აუუუუუუუუ…

განა რა მომივიდოდა 300 მეტრი ფეხით გამევლო დილის 11 საათზე, მაგრამ ეს ავტობუსიც იქეთ მიდიოდა და რატო უნდა მეწვალა?

–Ajanta caves! თავი გამოყო და ეს ერთადერთი გაჩერება გამოგვძახა არც ისე სუფთა ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც არ შემოუხედავს, მაგრამ ახსოვდა, რომ 3 საათის წინ მის ავტობუსში ერთი „თეთრი“ ადამიანი ამოვიდა და აბა სხვაგან სად წავიდოდა, თუ არა აქ.

მადლობა საერთო ვთქვი, მაგრამ ყურებამდე ღიმილი სათითაოდ ყველა კეფას ჩამოვურიგე, ვინც წეღან ჩემს გამო შეშფოთდა… რაღაცნაირი სიმსუბუქის და შვების განცდით ჩამოვედი, უკვე ყველაფერი მიხაროდა. აქაც სახლში ვყოფილვარ! აი, მზეც როგორ კარგად ანათებს, ეს კაციც როგორი საქმიანია, ამისთვის მე არ ვარსებობ, მაგრამ როგორც კი რამე გამიჭირდება შემამჩნევს… რა უცნაურია… რატო იტანჯება ეს ხალხი ასე? გავიფიქრე და ბუდისტურ გამოქვაბულებში ჩავიძირე.

მას შემდეგ გაბრაზებული მუსლიმების ყველა რეპორტაჟზე უცნაურად ვჩუმდები… რას გაიგებ იქ რა ხდება, მაგრამ მახსოვს, მე ერთხელ უკვე შევცდი მათ შეფასებაში.

აჯანტას გამოქვაბული