გერმანული რვადღიური

  • 14/02/2018
  • Home
  • გერმანული რვადღიური

ორი სიამოვნება დამრჩა ამ ქვეყნად: ჭამა და მოგზაურობა. მესამეცაა, მაგრამ არ ვამხელ. არცერთი ენა არ ვიცი ქართულის გარდა, მაგრამ ენობრივი ბარიერი ვერ მაფერხებს! ამჯერად გერმანულ, გასული წლის ნოემბრის ტურზე მოგიყვებით.

 

ქუთაისის აეროპორტი. პატარა, ხელისგულისხელაა ქუთაისის აეროპორტი. ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით დილაადრიან მიფრინავს თვითმფრინავი. მოსაცდელ დარბაზში ორატორულად ვუხსნი მგზავრებს ყველა საკითხს, რაც მათ აინტერესებთ. ზედმიწევნით შინაურული სიტუაცია ყალიბდება გაფრენამდე. ზემოიმერულ, გემრიელ და არაესთეტიკურად გამომზირალ ჩურჩხელებს ვაწვდი მსურველებს (ევროკავშირში მხოლოდ კახურები შემიძლია წარვადგინო, იქაც მიმყვება ზემომერული კუდაბზიკობა!).

 

ბორტზე აფრენამდე არაფერი საინტერესო არ ხდება. სამაგიეროდ, დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა სამი წლის ჰერ ლაზარი ფრენისას. დეიდასთან ერთად ბრუნდება გერმანიაში და ბილინგვური მეტყველებით მიხსნის ვინაა, სად იყო და სად მიფრინავს. ჩემ მიერ მიწოდებული ჩურჩხელა წაღმა-უკუღმა ჩაკბიჩა, მერე ხაჭაპურის „გული“ გამოღადრა და პირში ჩაიტენა. როგორც ჩანს, არ ეყო მენიუ და ცხვირზე ფაქიზად ამომწვდა. მერე ვითომც გულიანად მიირთვა „გერადე ნაზე“ (გრძელი ცხვირი) და კმაყოფილმა დეიდას აფუებულ მკერდზე თავი მიაყრდნო (შემშურდა!) და მე ფეხები ბატონკაცურად გადმომალაჯა!

 

დორტმუნდის აეროპორტი დორტმუნდშის აეროპორტში არაა თავისუფალი ინტერნეტკავშირი, ამიტომაც როუმინგში ჩართულ ტელეფონზე ვეძებ მასპინძლის ნომერს, რომლებიც წუთიწუთზე გამოჩნდებიან აეროპორტში. მანამდე გერმანელი ჩინოვნიკი უჩვეულო ღიმილით მართმევს პასპორტს, ღირსეულად მიბრუნებს შტამპის ჩარტყმის შემდეგ და გავაბიჯე გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე. აეროპორტში წუთებში მომაკითხა „ალეს გიორგიმ“ (ყველას გიორგიმ) _ ქართველმა ემიგრანტმა ფეხბურთელმა, რომელიც საქართველოში ვერ დაინახეს, სამაგიეროდ დაინახეს გერმანიაში, სადაც კიდეც თამაშობს და ბავშვების მწვრთვნელიცაა… მოვიდნენ თამარი და ფიოდორიც. თამარი დიდი ხნის მეგობარია, მისი მეუღლე ჰერ შლიკ 50-ოდე წლის სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია, რომელიც კარგად საუბრობს რუსულადაც.

 

დორტმუნდში ბატონმა შლიკმა თავის დას ტელეფონით ამცნო, რომ საქართველოდან ჰყავს სტუმარი და მასთან უნდა შეგვევლო. გამეგონა, რომ ევროპაში დაუპატიჟებლად სტუმრებს არ ღებულობენ და ამიტომ ფეხები უკან მრჩება ამალაში. როგორ გავწითლდები სირცხვილით, გერმანელმა დიასახლისმა ცხვირწინ კარი რომ მომიხუროს! დაიცა, რა დროს გაწითლებაა! ულამაზეს, ქათქათა ბინას გერმანელი დიასახლისი თითქოს უფრო ანათებს, მშვენიერ აივანზე იმდენი ყვავილია, თავი ორანჟერეაში მგონია. სუფრაზე მორიგეობით ჩნდება თევზის ფილე, „სელოდკა“, კამამოყრილი მოხარშული კარტოფილი, თხლად დაჭრილი პური, კომბოსტოს ხორციანი რაგუ, კიტრის მწნილი, შემწვარი ქათამი და კიდევ არაერთი გემრიელობა! ნუთუ ესენი არიან ცივი და არასტუმართმოყვარე ხალხი?

 

მასპინძლებთან ჩემი მასპინძლები ოთხსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ფლობენ საცხოვრებელ ფართს. კართან „ველქამს“ „გეუბნება“ მინიატურული „ანგელოზი“, ბინა სრულიად თანაბრად თბილია და სასიამოვნო. ფიოდორი გასაშინაურებლად ყველაზე კარგ მეთოდს მიმართავს: ღორის ხორცი ფოლგაშია დამზადებული, ქართულ კონიაკს დიდი ამბით ვაყოლებთ გემრიელ ვახშამს და ტრილინგვურად ვსაუბრობთ: ქართულ-გერმანულ-რუსულად. ვახშმის დასრულების მერე ყველაზე საჭირო საოჯახო ინვენტარს მაბარებენ მასპინძლები სრული ზემოქმედების უფლებით. მაცივარი გამოვსებულია ათასგვარი საკვებით. გერმანული შოკოლადით და ორცხობილით სავსე ვაზა მუდამ ცხვირწინ მაქვს. უბრალოდ, არ დაგეზაროს შოკოლადზე ქაღალდის შემოცლა და მერე ყბა თავად მოქმედებს! ჰო, მასპინძელი გავაოცე მაინც. კახეთში მეგობარი ჩურჩხელის ამოვლების ცერემონიას პირდაპირი ეთერით გვაჩვენებდა და ფიოდორი გაოცებული უყურებდა ამ მძიმე საქმეს ქალები რატომ ასრულებენ, კაცები სად არიანო… მეორე დილით ფიოდორს თანამშრომელმა გამოუარა და სტუმრიანობა გაიგო. ცოტა ხნის მერე ფიოდორი გვატყობინებს, რომ თანამშრომლის ცოლს ჩვენი დაპატიჟება აქვს გადაწყვეტილი ჩინურ რესტორანში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გერმანიაზე მცდარი წარმოდგენა მქონდა…

 

ფრაუ გიზელაგიზელა 75 წლის ქალბატონია. მოხერხებულად ატარებს ავტოს და წვიმიან საღამოს თავისი მანქანით ჩინურ რესტორანს მივადექით. ჩინური სამზარეულო ჩემთვის ყველაზე გემრიელია, თუ გამოვრიცხავ ბასკურ სუფრას, რადგან ბასკური ყველაზე სუპერია! რაც დაღოღავს, რაც დაფრინავს და რაც ვერ მოძრაობს, ყველაფერი გავსინჯეთ, ფორთოხლის წვენის შემდეგ უზარმაზარი კათხით ლუდიც დავაყოლე სუშის და გიზელა გერმანულად საუბარს გვაიძულებს. დავიწყე უცებ დათვლა და გავჩერდი 41-ზე! ამის იქით თვლა საქართველოში საჭირო არაა, ვამბობ და მხოლოდ თამარი ხვდება, რომ გავაპოლიტიკურე სუფრა. პოლიტიკური ელფერი უფრო მაშინ მიეცა სუფრას, როცა გემრიელი ხორცის წარმომავლობა ვიკითხეთ. გიზელამ  ხორცი ცებღა უნდ კენგუღუო! აჰა, მგონი, თამარ, ესენი ბიძინას ზოოპარკს გვაჭმევენ მეთქი! ჩვენ ვიცინით, გერმანელებს კი ჰგონიათ, რომ არ ვიჯერებთ ზებრისა და კენგურუს ხორცის ჭამას! რა იციან გერმანელებმა, გასულ წელს თვით მისი აღმატებულება ყაღიც რომ ვჭამე თუშეთ-დაღესტნის საზღვარზე! მოკლედ, ბოლოს გიზელამ გადაიხადა და შინ დაგვაბრუნა! უკვე თამარი ეუბნება, რომ მომდევნო საღამოს ელოდება გიზელას ვახშმად, რათა გავასინჯოთ ტკბილი კვერი, ჩურჩხელა, ტყემალი და აჯიკა! მეორე დღეს ფრაუ გიზელა გვეწვია, გვამცნო, რომ ზაფხულზე მოიარა ესპანეთი, ბრიტანეთი, ფინეთი და თვით სანკტ-პეტეღბუღგ! აი, ამას ჰქვია 75 წლის ადამიანი! ღაჟღაჟა ლოყები, წითური თმები, სიცოცხლით სავსე თვალები და საქართველოს გაცნობის სურვილი! აი, მაშინ ამოვიდგით მე და თამარმა ენა და დავიწყეთ დმანისელი ზეზვა-მზიათი და დავასრულეთ ვიდეოკოლაჟით, რომელიც საქართველოს სილამაზეებს გადმოსცემდა… ზეა გუთო, გვითხრა გიზელამ, მაგრამ კახური ჩურჩხელა უფრო ზეა გუთო…

 

 

თამარი თამარი განათლებით ბუღალტერია და სადაც მიდის, ყველგან საქარველოს ელჩია. ქართული მზე, მიწა, საჭმელი, სასმელი, კაცი, ქალი, ჯოხი (თუნდაც ტალახიანი) მსოფლიოში ყველაფერს სჯობს და თან ნამუსზე აგდებს გერმანელებს, ჩადით, ნახეთ, საქართველო რუსეთი რომ გგონიათ და სინამდვილეში რუსეთი სად იყო, ჩვენ ბიბლია რომ ვთარგმნეთ და ასე შემდეგო! მოკლედ, გერმანიაში უსტატუსო ელჩი გვყავს და ეს ელჩი ჩემი მეგობარია!

 

ფიოდორი. ფიოდორი ნამდვილი ინტელიგენტია. დინჯი, საქართველოზე შეყვარებული კაცი, რომელიც უკვე ფლობს სიტყვებს: მიყვარხარ, გამარჯობა, მწვადი, ღვინო, საქართველო, პური, ჩურჩხელა, აჯიკა, ტკემალი! ისეთი ქართველი გაუხდია თამარს უკვე ფიოდორი, რომ აჯიკის ჭამის დროს ზუსტად ჩვენსავით იჭყანება და რაღა უკლია ქართველობამდე? უბრალოდ, ძალიან ზომიერად სვამს და ცოლს აუცილებლად ეხმარება სამზარეულოში, სუფრის გაწყობასა და ალაგებაში! თოვლი არ უყვარს, უყვარს მზე და საქართველო, ჰო, თამარიც ძალიან უყვარს და ამბობს, რომ ის „გეორგიშე მან“ არის, ხოლო თამარი _ „დოიჩე ფრაუ“! ფიოდორი მოხერხებულად და დიპლომატიურად ამზადებს ჩემს საჩუქრებს. ერთხელ შესანიშნავი ქურთუკი მომახურა მხრებზე, მგონი გცივაო…

 

ბრემენი ბრემენი საშობაო ნამცხვარივით ლამაზი ქალაქია. იქ ჩემი სახელობის რაინდის ძეგლი დგას და ფრაუ გიზელამ მითხრა, „ცვაი ღოლანდ“ ვიქნებოდით ერთად ბრემენში… ჩავდივარ ბრემენში, ვნახულობ ბევრ სილამაზეს ძალიან პატარა მანძილზე, ვიღებ წამოწოლილი ფოტოებს (ეს ჩემი ჰობია) და ვპოულობ ვიღაცისგან დატოვებულ ღუნღულა ხელთათმანებს… ქუჩის მუსიკოსებსაც მოვუსმინე!

 

სახლისკენ მერვე დღეს უნდა დავცილდე მასპინძლებს. უკვე ნოსტალგია მიღრღნის გულს. თამარი ბუზღუნით ეუბნება ქმარს, ხომ ხედავ, რა სამშობლო გვაქვს, ის ყველას ენატრებაო. მასპინძელი ქალაქიდან დორტმუნდში დაგვიანებით ჩადის მატარებელი რატომღაც. ტურისტთა საინფორმაციო ცენტრში მეუბნებიან, რომ აეროპორტამდე უკვე გასულია ბოლო მეტროს შემადგენლობა, ამიტომ ტაქსის მომსახურებით მასაჩუქრებს საინფორმაციო ცენტრი და შავტუხა მძღოლს ვაწვდი ბეჭედდასმულ ფურცელს, რომ აეროპორტში მიმიყვანოს! ცოტა ხნის მერე მძღოლი აჩერებს თავაზიანად ავტომობილს, მე უზომოდ კმაყოფილი  გადმოვდივარ აეროპორტის წინ და ვდგევარ სასტუმრო „აეროპორტთან“! დროა, ტაქსი დავიქირავო, რათა გერმანიაში კიდევ არ დავრჩე მთელი ერთი კვირით და ნოსტალგიამ არ შემჭამოს! ახალგაზრდა ტაქსისტი თავაზიანად მაგებინებს, რომ აეროპორტამდე 15 ევრომდე მექნება გადასახდელი, მე კი სისხლსაც მივცემ, ოღონდ სამშობლოში დავბრუნდე! დავბრუნდი!