გაცვლითი ბერლინი

  • 14/02/2018
  • Home
  • გაცვლითი ბერლინი

შემოდგომა მოვა თუ არა, ყვითელი ფოთლები დაიწყებენ ცვენას და მეც მეძალება სენტიმენტები. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და შემოდგომის სენტიმენტებიც ბევრი წლის წინ დაწყებული ამბის, დიდი და გულწრფელი სიყვარულის ისტორიის შედეგია.

2000 წელს ტემპუს-ტასისის პროგრამის წყალობით სასწავლებლად ბრემენში წავედი. 20 წლის ასაკში პირველად აღმოვჩნდი ძალიან შორს სახლიდან. ბრემენში გვიან ღამე ჩავედით. ახლაც კარგად მახსოვს მანქანიდან დანახული ფრაგმენტები, კინო-კადრებივით, მანქანის სიჩქარით იცვლებოდა პეიზაჟები უცხო და ცივი ქალაქის, რომელიც მომდევნო ოთხი თვე ჩემი სახლი უნდა ყოფილიყო. დამოუკიდებლობა, მთელი თავისი არსითა და შინაარსით სწორედ ბრემენში ვისწავლე, ბრემენში გავატარე ბიბლიოთეკაში ყველაზე მეტი საათი და ბრემენში გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოთხი თვე უსაშველოდ ციოდა და ციდან თოვლის ნაცვლად ჩამოვარდნილი ყინული სახეს მიყინავდა, ბრემენი ყველაზე თბილი ადგილი გახდა დედამიწაზე. ბრემენიდან გაზაფხულზე დავბრუნდი. სულ მალე, იურიდიული ფაკულტეტის დეკენატთან განცხადება გამოფინეს, რომელიც გვამცნობდა, რომ ბერლინის – ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი სემინარის ორგანიზებას გეგმავდნენ. ბუნებრივია ჩავწერე და გასაუბრებაზე მივედი.

გაცვლითი სემინარი, რომელსაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ათეული წლები ახორციელებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებთან, მხოლოდ სტუდენტების ორგანიზებითა და მეცადინეობით იმართებოდა. სტუდენტები ირჩევდნენ სემინარის სამეცნიერო თემას, ადგენდნენ სემინარის გეგმას, როგორც აკადემიურს, ისე გასართობს, სტუდენტები ეძებდნენ სპონსორებს და მოიპოვებდნენ დაფინანსებას. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე ძალიან გამიმართლა, სწორედ იმ მომენტში გამიმართლა, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტების ე.წ. ,შორტ-ლისტში“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აღმოჩნდა.

ასე დაიწყო კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია ჩემს ცხოვრებაში. ბერლინში პირველად 2001 წლის შემოდგომაზე ჩავედი. დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს პირველ შთაბეჭდილებას, ეჭვის თვალით შევხედე მაშინ ,,ალექსანდერპლაცს“, რომელმაც საბჭოთა კავშირი მომაგონა, მაგრამ ერთი კვირა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომდევნო 17 წლის მანძლზე, ჩემი ყველა გზა არა რომისკენ, არამედ სწორედ ბერლინისკენ წასულიყო.

გაცვილითი სემინარების წყალობით, 2001-2004 წლებში ბერლინი ჩემი ცხოვრების გარანტირებული თავგადასავალი გახდა. ყოველი შემოდგომის დადგომას განსაკუთრებული სიხარულით ველოდი, ახალი სემინარი, ახალი ხალხი, ახალი შთაბეჭდილებები და ახალი მოგონებები, განცდები და ემოციები. ორი სრულიად არაჩვეულებრივი კვირა – ერთი თბილისში და ერთიც ბერლინში. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ სემინარების პერიოდი, საუკეთესო წლებია ჩემს ცხოვრებაში. თავისუფლება ასეთი დიდი და ასეთი გემრიელი არასოდეს მქონია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს სემინარის ორგანიზატორი და მეცნიერ-ხელმძღვანელიც კი ვიყავი, ვგეგმავდი შეხვედრებს სასამართლოებსა და ციხეებში, ვასწორებდი სტუდენტების რეფერატებს და თავად ვცდილობდი თანხების მოძიებას, დილიდან საღამომდე რეფერატების განხილვას ვესრებოდი და შემდეგ სხვადასხვა მეცნიერული, თუ კულტურული ღონისძიების მონაწილე ვიყავი, ეს იყო ყველაზე გასართობი და თავგადასავლებით სავსე პერიოდი, რომელიც არასოდეს განმეორდება. ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, როგროც საქათველოდან, ისე გერმანიიდან სწორედ ამ სემინარების დროს შევიძნე.

გაცვლითი სემინარების ორი კვირა, ორი სიტყვით ასე გამოიყურებოდა: დილას, ძალიან ადრე ადგომა, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ დაიძინე, სემინარი, ორი სტუდენტ–მომხსენებლის მოსმენა და შემდეგ დისკუსია შედარებითი ანალიზის მეთოდით, შეხვედრა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, თუ სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებთან, შეხვედრა არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მუზეუმები, კონცერტები, გამოფენები.. უსაზღვროდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლი და არა მხოლოდ, ბერლინის მეტროში და თაქთაქას დანჯღრეულ ,,ნოლსემსა“, თუ თბილისის ,,მართუტკებში“ გატარებული ბევრი საათი ერთად, ინდური და ტაილანდური საკვები ,,ფრიდრიხშტრასეს“ ,,პადზემკაში“, ლობიოში ჩაწობილი ხაჭაპური, ჯონჯოლი და ხინკალი არაგვის პირას, ბავარიაული სოსისები და მსოფლიოში ყევლაზე გერმრიელი ,,ქეზექუხენი“, ,,დენსიგ ინ ზე მუნ ლაით“ ბეთანიის გზაზე და ,,ტრეზორის“ შესასვლელის ძიებაში გატარებული საათები, ელექტრონული მუსიკის პირველი ,,მიქსები“ არაყით ,,გომი“ და გერმანული ,,Schnaps“-ით ნათამაშები ,,თრინკშპილი“, ბერლინელი ციცინათელები და ღამის კლუბები….. ასე შიიძლება დაუსრულებლად ვწერო და თითო ფრაზამ უამრავი ისტორია მომაგონოს…

რადგან ჩემი ბლოგის თემა გაცვლითი სემინარია, მისი მთავარი აზრიც ეს არის, გაცვლითი ურთიერთობები, გაცვლითი ემოციები და შეგრძნებები, ჩვენ ერთმანეთს ბევრი გემო გავუცვალეთ.

ერთხელ მე და ფლორიანი პეროვსკაიას ქუჩაზე ერთ-ერთი ბარიდან მოსაწევად გამოვედით. ფლორიანს პირველივე წელს ძალიან დავუმეგობრდი, როდესაც ჩემი სიგარეტის კოლოფში ღერები იკლებდა, თავისი კოლოფიდან მიმატებდა. ფლორიანი, ბერლინში დაბადებული და გაზრდილი 20 წლის გერმანელი ბიჭი, რომელიც დაგეგმილი და გაწერილი ცხოვრებით ცხოვრებას იყო დაჩვეული, აღფრთოვანებული გამომიტყდა: იცი, ეს სემინარი მხოლოდ იმიტომ კი არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ჩვენთან, ეს პირველ რიგში ჩვენთვის, გერმანელებისთვის არის საჭირო, ადამიანური ურთიერთობები აქ სულ სხვაგვარია!

ჩემი ძალიან ახლო მეგობარი კაროლინ შნაიდერი, რომელიც დღეს მოსამართლეა, ასევე გაცვლით სემინარზე გავიცანი. დღეს მას ორი შვილი ჰყავს, რის გამოც ბოლო 5 წელია თბილისში არ ყოფილა, მანამდე თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა. როდესაც ვეკითხები, რა გენატრება ყველაზე მეტადთქო, დაუფიქრებლად მპასუხობს: ხინკალი და მზე. ,,გეორგიენკურ“ – ასე ეძახის ჩემი კიდევ ერთი მეგობარი – მირიამი სტრესულ მდგომარეობას, რომელიც მასაც ყოველ წელს საქართველოში ჩამოსვლას ,,აიძულებს“ – მჭირდება საქართველო, მომწერეს სტერისგან გადაქანცული და მოდის.

მე ბერლინთან ქართული მენტალიტეტი, პატარა და დიდი ეროვნულად ქართული კომპლექსები, თვითდაჯერებულობა და სუში გავცვალე.

მაინცდამაინც ახლა რატომ მომინდა ბერლინზე დაწერა? თბილისი, სასაცილო ქალაქია. მხოლოდ თბილისში შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული ხილი ძალიან მოდური და მეორე მოსაწყენი და ,,არადასტოინი“. ასეთივე თბილისური ამოჩემებაა დღეს ბერლინი. ბერლინელი ,,დი-ჯეი“ ისეთივე ორგანულია ჩვენი ყოველდღიურობისთვის, როგორც ხინკალი ,,პახმელიაზე“. ჩემმა ერთმა მეგობარმა ერთხელ მითხრა, ცოტა მაღიზიანებს შენი დამოკიდებულება ბერლინის მიმართ, შენი ქალაქი რომ გგონიაო. შეიძლება გამაღიზიანებელია, რომ ბერლინი ჩემი გაცვლითი სიყვარულია. მე არ ვყოფილვარ ბარსელონაში და რომში, არ მინახავს ლონდონი და ნიუ-იორკი, მაგრამ ყოველ წელს, წლიდან წლამდე ჩავდივარ ბერლინში. ის არც ჩემია და არც სხვისი, ეს არის ძალიან დიდი ქალაქი, სადაც ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური თუ პოლიტიკუირ კუთვნილებისა, თავის პატარა ადგილს პოულობს. ბერლინი, არის ქალაქი, სადაც არავის აინტერესებს რა, როგორ და რატომ გაცვია, სადაც კედებით შეგიძლია შეხვიდე ნებისმიერ ,,ზავიდენიეში“ და ის ადგილები, სადაც ეს აკრძალულია, ბერლინელებს უბრალოდ არ უყვართ. ბერლინი დიდი ალტერნატივაა, სნობიზმის და ,,სვეცკობის“ ალტერნატივა, სადაც ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ის კაფეებია, რომლებშიც ძველი შელახული ავეჯი დგას და კედლებს ჩამოფხეკილი ,,შპალერი“ მოსავს. ბერლინი პროტესტია ყველაფერ ყალბზე და ფარისევლურზე, დასავლურ ,,ცხვირაბზეკილობაზე“ და ფუფუნების დემონსტრირების მარაზმზე. ბერლინი თავისუფლებაა და სუფთა ფაერია, სადაც კილომეტრიანი პარკები, კილომეტრიანი მაგისტრალების პარალელურად არსებობს, სადაც ცხოველებსაც კი მსოფლიოში ყველაზი მეტი თავისუფლება აქვთ ნაპოვნი, სადაც თანამედროვე და ანტიკური კულტურა თანაბარად შეგიძლია შეიგრძნო, როგორც მირიამი ამბობს, ბერლინი ახალგაზრდობაა, ამიტომაც თუ აქ დარჩები ცხოვრება ისე გაივლის, ვერ მიხვდები რომ გაიზარდე. ბერლინში უკრავენ ყველაზე მაგარ მუსიკას სამშაბათ საღამოსაც კი, აქ შეგიძლია კლუბში პარასკევს შეხვიდე და ორშაბათ დილას გამოხვიდე, აქ სიცოცხლე არასოდეს ჩერდება და დღის ნებისმიერ დროს შეგიძლია გემრიელად ისადილო თურქული ,,დონერით“, ან ესპანური ,,ტაპასით“, ბერლინში შეგიძლია ყველაზე გემრიელად ისაუზმო ღია ცის ქვეშ, მაშინაც კი როდესაც წვიმს, ბერლინში ყველაზე საინტერესო მშრალი ხიდია და ყველაზე მეტი ველოსიპედი, ბერლინი დასავლეთი და აღმოსავლეთია, და მაინც ყველაზე მეტად ბერლინი სუფთა ჰაერია!