გასეირნება წინანდალში

  • 04/03/2018
  • Home
  • გასეირნება წინანდალში

ალბათ, ბევრს ჰქონია სურვილი XIX საუკუნის საქართველოში ცოტა ხნით მაინც ემოგზაურა. გაცნობოდა იმ პერიოდის კულტურას, წეს-ჩვეულებებს, შეხვედროდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ თუ უცხოელ, დღეს ყველასთვის ცნობილ ადამიანებს. ხშირად მდომებია მცმოდა XIX საუკუნის ქართული კაბა, მჭეროდა ხელში საჩრდილობელი და მესეირნა მდიდარი მამულების ბაღებში. ვინც წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმშია ნამყოფი, ალბათ ჩათვლის, რომ ყველა ეს ოცნება აიხდინა. უკვე აღარაა საჭირო ფიქრი დროის მანქანასა და დროში მოგზაურობაზე – ჭავჭავაძეების მამულში სტუმრობა უკვე გულისხმობს მოგზაურობას. გარკვეული პერიოდით მათი დიდებული ოჯახის წევრი გახდებით და გაეცნობით იმ კულტურულ ცხოვრებას, რომლის ერთ-ერთ გამორჩეულ კერას წინანდალი წარმოადგენდა.

პირველი, რაც ჭავჭავაძეების მამულში სტუმრობისას თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ის უნიკალური ბაღია, რომლის გაშენებაც XVIII საუკუნის დასასრულს დაიწყო. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ბაღი საფრანგეთიდან სპეციალურად მოწვეულმა ლანდშაფტის არქიტექტორმა, არნოლდ რეგელმა დააპროექტა. ის პირველი პარკია ამიერკავკასიაში, რომელიც ევროპული პარკების მსგავსადაა დაგეგმარებული. საინტერესოა ბუნებრივად და ხელოვნურად შექმნილი ლანდშაფტების სინთეზი. ამით მას ინგლისურ პარკებს ადარებენ, როგორიცაა რიჩმონდის პარკი, კიუს ბოტანიკური ბაღები და კენსინგტონის ბაღები. მისი თავისუფალი დაგეგმარების წყალობით, ბილიკები სხვადასხვა საინტერესო პუნქტისკენ გაგიძღვებათ. გზად შეხვდებით ადგილობრივ თუ ეგზოტიკურ, დეკორატიულ მცენარეებს. აქვეა მუხის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის ხეები, რომელთა ასაკიც 400-500 წელია.

ბაღში შესვლისთანავე საოცარ სურნელს შეიგრძნობთ, თვალი ხან კენწეროში ატყორცნილი ალვის ხისკენ გაგექცევათ, ხან კიდევ ეგზოტიკური კვიპაროსისკენ. იქვე ხესაც შენიშნავთ (კავკასიური ცაცხვი), რომელიც გიდის მოთხრობილ ისტორიას გაგახსენებთ – შამილის ლაშქრობისას პატარა ნინო ჭავჭავაძე (ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი) ხის ფუღუროში დაიმალა და გადაურჩა მთიელთა ტყვეობას. თუ ცდუნებას ვერ გაუძლებთ და წონაც ხელს შეგიწყობთ, საკუთარ თავზე გამოცდით ფუღუროში დამალვის შესაძლებლობას.

ბზის ლაბირინთი 

ვარდებშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, შადრევანი, ბზის ლაბირინთი, ნატვრის ხე – აქ ყველაფერია იმისთვის რომ ყოველდღიური ცხოვრების რუტინას მოსწყდეთ. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, სიყვარულის ხეივანში რამდენჯერმე გაივლით (აქ სეირნობდნენ ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი), იქიდან გამოსვლისას სურვილსაც შეაბამთ იქვე მდგომ ნატვრის ხეს და უკვე ძალიან კმაყოფილი კიდევ ერთხელ გაუყვებით უნიკალური ბოტანიკური ბაღის ბილიკებს სხვადასხვა ხე-მცენარეების აღმოსაჩენად.

,,სიყვარულის ხეივანი”

18 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ცენტრალური ადგილი შენობას (1886 წელი. არქიტექტორი ა. ოზეროვი) უჭირავს, რომელიც 1946 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. შენობის მოცულობა დიდი არაა. ამდენად, ისიც ბაღის ერთიან ნაწილად აღიქმება. საინტერესოა, როგორ არის გადაწყვეტილი არქიტექტურისა და ბუნების სინთეზი. მშენებლობისას, რამდენიმე მასალაა გამოყენებული, რაც კიდევ უფრო აახლოებს ნაგებობას ბუნებრივ გარემოსთან. ყურადღებას იპყრობს მისი აივანი, რომელსაც აღმოსავლური ტიპის ჩუქურთმებიანი თაღები ამშვენებს. იქიდან საოცარი ხედი იშლება – კავკასიონის ქედი, ალაზნის ველი.

შენობის შიგნით თითოეული ნივთი, დღეს უკვე ექსპონატი, ისტორიას ყვება. სახლ-მუზეუმში გაცოცხლებულია ჭავჭავაძეების ცხოვრება, აქ ნახავთ XIX საუკუნის სხვადასხვა გამოცემებს, უფრო ადრეულ ხელნაწერებს, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს, ფერწერისა და ლითოგრაფიის ნიმუშებს, ევროპულ ავეჯს, ჭურჭელს, სამოსსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

შენობის ქვედა სართულზე ღვინის მარანს ესტუმრებით, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა ბოთლში, ევროპული ტექნოლოგიით ჩამოასხა ქართული ღვინო ,,საფერავი“ (1839). ადგილობრივად წარმოებულ ღვინოებთან ერთად, მარანში დაცულია ევროპული ღვინის კოლექცია 16 500–მდე ბოთლით. თუ მარნის დათვალიერებით ღვინის სურნელი არ დაგათრობთ, მაშინ თავად ღვინოსაც დააგემოვნებთ იქაურ საუცხოო გარემოში.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად სახლ-მუზეუმი თავისი ბაღებით ერთი დიდი ,,არაჩვეულებრივი გამოფენაა“, იქ მისულ სტუმარს დროებითი ექსპოზიციების ნახვის შესაძლებლობაც ეძლევა. ამჯერად, დროებით საგამოფენო სივრცეში, რომელსაც თაღებიანი დარბაზი მასპინძლობს, ნახავთ XIX საუკუნის ფრანგი ისლუსტრატორის ავგუსტ ფაგეტის ცნობილ გრავიურებს (სმითსონის ინსტიტუტმა გრავიურები ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს გადასცა საჩუქრად), რომლითაც ილუსტრირებულია იმავე პერიოდის ბოტანიკური ენციკლოპედია. ვისაც ბოტანიკა ან ბოტანიკის მასწავლებელი უყვარდა, აუცილებლად გაახსენდება სასკოლო სახელმძღვანელოებში გამოყენებული ეს ილუსტრაციები. ამ გამოფენით გაიხსნა წინანდლის საგაზაფხულო სეზონი და ის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.

XIX საუკუნის ფრანგი ისლუსტრატორის ავგუსტ ფაგეტის გრავიურების გამოფენა

XIX საუკუნის ფრანგი ისლუსტრატორის ავგუსტ ფაგეტის გრავიურების გამოფენა

გამოფენის ნახვის შემდეგ, საგაზაფხულო გალერეაში აღმოჩნდებით, სადაც აუცილებლად უნდა იქონიოთ ხურდა ფული – ჩაიფიქრეთ სურვილი და გადაისროლეთ მონეტა.

მმმ… ვნახოთ, ისევ დავბრუნდები თუ არა ,,სამოთხის ბაღად“ წოდებულ ამ ადგილას.

 

ბლოგი ასევე გამოქვეყნებულია ვებგვერდზე National Geographic საქართველო. /19.04.2016/
ავტორი: ლიზა მეფარიშვილი