გასეირნება საბადურისკენ

  • 02/03/2018
  • Home
  • გასეირნება საბადურისკენ

საბადურის ტყე თბილისის ეროვნული პარკს ეკუთვნის, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და დედაქალაქისგან მცხეთის მუნიციპალიტეტი გამოჰყოფს. ადგილი ულამაზესი, ადვილად მისაგნებია და სტუმარიც ბევრი ჰყავს, განსაკუთრებით კი ზამთარში. თოვლით დაფარული მაღალი ხეები, სუფთა ჰაერი, სიწყნარე და კარგი გარემო იზიდავს დამსვენებლებს.
რადგანაც თბილისთან ახლოს იყო, უთენია არ გადავწყვიტეთ გასვლა. შეხვედრის დროდ 10-ის ნახევარი, ხოლო ადგილად ახმეტელის მეტრო შევარჩიეთ.
დილას ყველა დროულად მოვიდა, ვიმსჯელეთ და ექსკურსიასთან ერთად მწვადაობაც გადავწყვიტეთ.
გაგვიჭირდა მეტროს ახლომახლო ტერიტორიაზე სამწვადის, პურის და ნახშირის შოვნა, ჯერ დილაა და არ მოუტანიათო, ასეთი პასუხით გამოგვისტუმრეს მარკეტებისა და ბაზრის გამყიდველებმა, თუმც დიდი ძებნის შემდეგ მაინც მივაგენით სასურველ საქონელს, მიკროავტობუსში დავტვირთეთ და გზას გავუდექით.
მშვენიერი ამინდია, თებერვლის პირველი რიცხვების მიუხედავად, საერთოდ არ იგრძნობა ზამთარი. ანათებს მზე, სითბოა და თოვლის ნასახიც არ ჩანს. გავიარეთ გლდანი, დიდი სატრანზიტო ხიდი, გავედით ქალაქიდან და შევუყევით აღმართს. ქვემოთ მდინარე გლდანულა მორაკრაკებს, თუმცა ისეა დაპატარავებული, არც ჩანს. სამაგიეროდ კალაპოტზე ეტყობა რომ ხანდახან დიდი ადიდება იცის. ჩავუარეთ მამკოდას, მშრალიხევს, თანდათან მაღლა მივიწევთ, მატულობს ტყე და ალაგ-ალაგ უკვე თოვლიც გამოჩნდა. ვუახლოვდებით ცვარიჭამიას, აქ იგრძნობა ზამთარი, თოვლია ტყეში და ცივა. გზის მარჯვენა მხარეს, კომუნისტების დროინდელი კედლის მოზაიკაა, სადაც პიონერები არიან გამოსახულნი. მხატვრობა დაზიანებულია და ადრე ახალგაზრდულ ბანაკ “ცისკარს” ეკუთვნოდა. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, მივედით საბადურში, სადგომზე გავაჩერეთ მიკროავტობუსი და ფეხით შევედით ტყეში. შესასვლელში არსებული საინფორმაციო დაფა მოკლე ინფორმაციას გვაწვდის, რა მცენარეებია აქ, რომელი მშვიდობის მაძიებელი ნადირი ბინადრობს, როგორ უნდა მოვიქცეთ და სხვა. ჩახუთული ქალაქიდან წამოსულებისთვის ნამდვილი შვება იყო სუფთა ჰაერი, თოვლი და ლამაზი ბუნება.
ტყეში ჩვენს გარდა 30-მდე ტურისტი დასეირნობდა.
– ჯერ სად ხარ, აქაურობა ერთ საათში სულ გაივსებაო – გვითხრა მძღოლმა.ძლიერ გაიხარეს ვიზიტორებმა, უმეტესობას საერთოდ დაავიწყდა ასაკი, მორიდება. იგუნდავეს, თოვლის ბაბუები აკეთეს, ირბინეს და კარგი დროც ატარეს, რა თქმა უნდა სურათებიც ბევრი გადაიღეს. თანდათან იმატა ავტომობილებმა და ხალხითაც გაივსო ტყის ეს ნაწილი. სუფთა ჰაერმა, სირბილმა და თამაშობებმა მოგვაშია, ამიტომაც უმრავლესობის ხმით გადავწყვიტეთ მოგვეძებდა სამწვადე ადგილები და რეინჯერს დავეკითხეთ. მანაც მიგვასწავლა, წინ ერთ კილომეტრში არის კარგი საპიკნიკე ადგილებიო, თან გაგვაფრთხილა ხე არ მოჭრათ და ნარჩენებიც არ დატოვოთო. დავიძარით ჩრდილოეთით, თანდათან იმატა თოვლმა, ყველა საპიკნიკე ადგილი დაკავებული დაგვხვდა და უბრალო გასაჩერებელიც, ტყე გავსებული იყო ავტომობილიანი ტურისტებით. გადავწყვიტეთ უკან თბილისისკენ დავბრუნებულიყავით და გზად, უთოვლო ალაგს გვეპოვნა გასაჩერებელი, ერთმა ტურისხევის ფაცხები შემოგვთავაზა, ზოგმა მამკოდის ტყე, ზოგმაც ქალაქის მყუდრო სახინკლე.

სანამ უკან დავბრუნდებოდით, სოფელ ნადოკრაში, სიონისგორაზე, წმინდა მეფე არჩილის მონასტერი გვინდოდა გვენახა, რომელიც ტყიდან ათიოდე კილომეტრშია. დავტოვეთ საბადური, შევედით თიანეთის გზის ხეივანში, მარცხნივ გადავუხვიეთ და ტაძრისკენ წავედით. გავცდით სოფელს, ასფალტიან გზას გორაკისკენ ავუყევით და დიდ ჭიშკართან გავჩერდით. გამოვაღეთ და ეზოში ფეხით შევედით.
კომპლექსი მოიცავს ორ მიჯრით მდგარ დარბაზულ ეკლესიას, ხუთსართულიან ოთხკუთხა კოშკს, მარანს, მოწყობილ ეზოს და საცხოვრებელ შენობებს.
ტაძრამდე რიყის ქვით ნაგები, მიწაში ჩაფლული მარანი ვნახეთ. ორი ოთახია, საწნახელი და ღვინის საცავი, სადაც 8 ქვევრია. საცავის კამარა ნახევარსფეროსებურია და დაახლოებით 6 მეტრი იქნება. ჭერზე პატარა, მრგვალი ხვრელი აქვს გაკეთებული, საიდანაც სინათლე შემოდის და ცოტა თოვლიც ჩამოცვენილიყო მარანში.
კოშკიც რიყის ქვით არის ნაგები, დატანილი აქვს სათოფურები. მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე ხის, პატარა აივნებია გაკეთებული, რომლებიც წითელი კრამიტითაა გადახურული და კიდევ უფრო ალამაზებს ნაგებობას.
ათიოდე მეტრში ერთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გალავნის მეორე მხარეს მდებარეობს.
თავდაპირველი ტაძარი VIII საუკუნისაა. მეორე ეკლესია განვითარებულ შუა საუკუნეებში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხესთან ააგეს, ისე რომ მისი სამხრეთი კედელი ძველ ეკლესიას ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეში თავდაპირველი ეკლესიის წინ ააგეს კოშკი, რომელიც მთლიანად უფარავს აღმოსავლეთმხარეს, ხოლო მეორე ეკლესიას სამხრეთ კედლის ნახევარზე მეტს. სავარაუდოდ ამავე დროს იქნა აგებული მარანი, გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობა.
ტაძარში შევედით, ავანთეთ სანთლები. გამოსვლისას კი ბევრი სურათი გადავიღეთ, ეზოდან ლამაზი ხედი იშლებოდა, მოჩანდა სოფლები, თიანეთისკენ მიმავალი გზა, გორაკები და დიდი თოვლიანი მთები.
დავიძარით უკან, ისევ საბადურის თოვლიან ტყეში ვართ, თუმც იმდენი ხალხია ვერსად გავჩერდებით, ზოგს ზედ თოვლზე დაენთო კოცონი, რამდენიმე თოვლის ბაბუას აკეთებდა, ზოგიც გუნდაობდა და როგორც შეეძლოთ დროს ატარებდნენ.

გავაგრძელეთ გზა, სამწვადე ადგილს ვეძებთ. ქვემოთ მივიწევთ, აქეთ უკვე ცოტა თოვლია, თუმცა ტალახია და ვერ დავსხედით. ბოლოს ერთ ჩიხთან ვიპოვნეთ კარგი საპიკნიკე. იქვე იყო გამზადებული საკოცონე და ორი აბრაც ეკიდა, “თბილისის ეროვნული პარკი” და “დაიცავით სისუფთავე”. გავინაწილეთ ბიჭებმა საქმე. რამდენიმემ ნახშირის ასაალებლად კოცონი დავანთეთ, სხვებმა კი მწვადის შამფურზე აცმა და ფიჩხის მოტანა იკისრეს. არც გოგონები იყვნენ უქმად, ზოგი იქვე ტყეში ახლადამოსული ყოჩივარდების დაკრეფას შეუდგა, სხვებმა კი კომენტარებით ჩვენი გამხნევება გადაწყვიტა და რომ დაასრულეს, სუფრა გააწყვეს. ასე ერთიანი მუშაობით მწვადი გემრიელი გამოვიდა, დაემატა ცოტაოდენი ჭაჭა და ნაკვერჩხალზე მოხუხული ქართული პური. სმა-ჭამამ ერთ საათამდე გასტანა, რადგანაც საკმაოდ ჩამობნელდა და სიბნელემ სიცივესთან ერთად დაისადგურა.
დავიკავეთ ჩვენ-ჩვენი ადგილი მიკროავტობუსში და 15 წუთში გლდანში ვიყავით.