გამარჯვება თესალიაზე

  • 22/02/2018
  • Home
  • გამარჯვება თესალიაზე

ჭავჭავაძის გამზირს მივუყვები. ისე სწრაფად მივდივარ, მგონია, გზა მომდევს, რომ ფეხქვეშ დამიხვდეს შემდეგი ნაბიჯის გადადგმისას. მარიამთან მივდივარ იმ დარწმუნებით, რომ როცა ვეტყვი, რა მოხდა, აუცილებლად იტირებს ჩემთან ერთად. მე  კი ახლა ისე არაფერი მჭირდება, როგორც ტირილი, რადგან სხვა ყველა ალტერნატივა თვითგადარჩენისა, უკვე გამოვცადე.  მარიამი სამსახურში მელოდება, თეთრ ხალათს იხდის და  მისმენს. ვეუბნები, რომ  ჩემი ოცნება ყოველთვის სხვას უსრულდება, მარიამს ასეთი საუბარი უყვარს და ამიტომაც ვბედავ შორიდან დაწყებას.  ჩემი მარიამი ოდნავ ნაკლებად ემპათიური რომ იყოს, არ იტირებდა, მაგრამ ზუსტად იმდენად არის ემპათიური, რამდენიც საჭიროა, ატირდე მეგობრის უბედურების გამო. უბედურებას კი სახელად ძალიან უცნაური რამ დაერქვა: ,, ჩემი ოცნება სხვებს უსრულდებათ’’ , ეს ნიშნავს: მე რომ ძალიან მიყვარს ის კაცი, მე რომ ძალიან მიყვარს იმ ქვეყანაში მიდის სამოგზაუროდ , რა თქმა უნდა , უჩემოდ.

მეორე საღამოს ნიკოლოზიც გვიერთდება. ნიკოლოზისთვის ყოველთვის გაუგებარია, რეიზა ჩამოგვტირის ცხვირ-პირი მე და მარიამს, მაგრამ ამჯერად სასწაული ხდება და ნიკა ძებნას იწყებს შედარებით იაფი ბილეთების, რომ ჩვენც წავიდეთ სადმე, რადგან ერთი სასწაული უკვე მოხდა და ნიკამ თანამიგრძნო, მეორე სასწაულის იმედად ვარ და დაძაბული მზერით ჩავყურებ ეკრანს. კი მეც ვნახე, ნიკამაც და მარიამმაც, 121 ლარად ჩვენ მოვახერხებთ კიდეც გავფრინდეთ და კიდეც გამოვფრინდეთ თესალონიკში მარტის თვეში. მარტამდე 90 დღეა, მაგრამ ლამისაა ჩემი ზურგჩანთა გადმოვიღო. ვიწყებთ თესალონიკის ღირშესანიშნაობების ძებნას ,,გუგლში’’ და ვაწყდებით კიდეც. ,,არისტოტელეს მოედანზე უნდა დავლიო ყავა’’- მეუბნება მარი. ,,რავარც ჩავფრინდები, უნდა დავჩექინდე’’ -უხარია ნიკას. მეც მინდა, რაღაც დავამატო ამ საერთო ჟრიამულს, მაგრამ მე გული სხვას მეუბნება: ავს, საშინელს, განაჩენს, დახვრეტას, ანუ გული ვერწასვლას მეუბნება. სანამ ნიკა წერეთლის მეორეულებში ზურგჩანთის შერჩევითაა დაკავებული, მე ,,მრავალბორტგადამხტარ’’ მეგობრებს ვეკითხები რჩევას მოგზაურობის ,,დაპლანვის’’ საქმეში. თურმე,  რაღაც ევროები მჭირდება, კიდევ ბინა სადაც დავრჩები, კიდევ ამგვარი წვრილმანები და მეც სასწრაფოდ ვიბარებ კონსილიუმს. ნიკოლოზი მრავალმნიშვნელოვნად დუმს.  მარიამი, ე ქალო ნუ იცი შენ იმედის გადაწურვაო -მეუბნება. მე ლეპტოპს ვშლი და ისევ ,,ვგუგლავ’’ : ,, hotel in Thessaloniki’’ – გამორიცხულია, ვერ შევწვდები! ,, hostel in Thessaloniki’’ – შანსი არა მაქვს, ,, flat in Thessaloniki’’ – ნწ! Room in Thessaloniki’’ – პასს, bed in Thessaloniki – ვაჰ მე! ,, box in Thessaloniki’’ – არ იგუგლება! სიგარეტს ვუკიდებ და კონსილიუმს ვამცნობ, რომ პირადად ჩემი შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ ადგილას ვმუშაობ, არ ითვალისწინებს მოგზაურობას, დასვენებას, გართობას, რელაქსაციას. ხმაში ტრაგიზმი მეპარება; მარიამი იძაბება. ვაგრძელებ, ჩემი შემოსავალი ითვალისიწნებს, შიმშილით არსიკვდილს, სიცივით არ გათოშვას, მაგრამ არამც და არამც მოგზაურობას! ნიკოლოზი თავს მიქნევს, მარიამს ცრემლები უდგება თვალებში და ამბობს: ,, საცოდავი რამდენიმე ევროს გამო ამბობ ოცნებაზე უარს?’’ არც მე და არც ნიკოლოზი არ ვეკამათებით. მარიამი ძალიან ემპათიური გოგონაა, მაგრამ სასტიკად არაპრაქტიკული, კამათს აზრი არა აქვს,იგი  ვერასოდეს მაპატიებს, რომ არარსებული ევროების გამო უარი ვთქვი ოცნების ასრულებაზე.

მინდა მარიამს ავუხსნა, რომ კოპიტნარი-თესალონიკის რეისზე არ მისვლა სულ არ ნიშნავს, რომ თესალონიკში არ ვიყავი. მინდა , ვუთხრა, რომ ოცნების ახდენა არ ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე უკვე ვიყავი არსოტელეს მოედანზე, სახე მივუტრიალე საბერძნეთის ბრდღვიალა მზეს, რომ ჩავკიდე ხელი მას და ნიკოლოზს და ვიცეკვე ,,სირტაკი,’’ რომ ტაშს მიკრავდა მთელი ელადა, ასეთი სიყვარულისთვის, რომ თესალონიკი ნიშნავს გამარჯვებას თესალიაზე… მარიამს მინდა ვუთხრა, რომ არა, ჩემი ოცნებები სხვებს ვერ აუხდებოდა.. აი ახლა ვეტყვი მარიამს, ამას გამიგებს მარიამი, მაგრამ ამ დროს ნიკოლოზის ხმა მესმის: ,,გო, რომ გევიძახოდით სალონიკის აეროპორტთან ევიღოთ ბინა, თვარა  ტაქსი გავყიდის, რომ ჩავალთო, მასე რომ იფიქროს საქართველოში ჩამოსულმა ტურისტმა და კოპიტნარში დაბანაკდეს, ხომ ეგონება საქართველო ფარცხანაყანები მხოლოდ.

 

პ.ს. დავათვალიერე მთელი ჩემი ალბომი იქნება სადმე მეც ვიყავი წასული და მოუხდეს -მეთქი ბლოგს, ჰოდა აღმოვაჩინე: ,,კუს ტბაზე’’ ავედი 2017 წლის ივლისში. აი ფოტოც.