ბედნიერების კონცეფცია

  • 06/02/2018
  • Home
  • ბედნიერების კონცეფცია

ძველი ამბების თხრობამ მობეზრება იცის. არადა რამდენი გაქვს მოსაყოლი, ხანდახან რომ ვმუშაობ მინდა ხოლმე ვიღაცას ველაპარაკო,ჩემი შთაბეჭდილებები, ემოციები გავუზიარო, დავწერო და ამ დროს სულ ვპირდები ჩემს თავს, სახლში მისვლისთანავე დავჯდები და დავწერ-მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახლში რომ ვბრუნდები, გათიშულს და დაღლილს ყველაფერი მავიწყდება, მეზარება, ათასი სხვა საქმე მიჩნდება(ძილს თუ ათას სხვა საქმეს ვუწოდებთ) და მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.

დღეს 31 აგვისტოა, ზაფხულის ბოლო დღე. ჩემი სამდღიანი “შვებულება” დღეს დილით დამიმთავრდა, ზუსტად ერთ საათში სამუშაო დღე იწყება ჩემთვის. ბევრი სიარულით ფეხებგასიებულს 9 საათს მომიწევს ფეხზე დგომა და მტერს რომ არ ვუსურვებ ისეთი “შეფის”  შენიშვნების მოსმენა. არაფერია, 10 სამუშაო დღე დამრჩა.

დასვენების სამი დღე ისევ მგზავრობაში, სიარულში, სირბილში და რეისზე დაგვიანების შიშში გავატარე. პირველ დღეს, დილით, 4 კილომეტრის გავლის შემდეგ მატარებლით ჰაიდელბერგისკენ გავემართე. რა თქმა უნდა, ათასი გადაჯდომით. რაც გერმანიაში ჩამოვედი სულ გამოუძინებელი ვარ და უცნაურ რაღაცას მივეჩვიე, მგზავრობისას და სამსახურში შესვენებისას 10-10 წუთით წავუძინებ ხოლმე, თან მძინავს, თან ყველაფერი მესმის, გერმანელი ბავშვის სიცილი, თავიდან კისკისად რომ მეჩვენებოდა, გერმანელი ოჯახის თავიდან შეხმატკბილებულად და “რა საყვარელი ოჯახიად” მონათლული სიმღერა, ახლა ყვავის ჩხავილივით რომ ჩამესმის ძილში და სხვა ათასმაგვარი ჯურის თუ ეროვნების ხალხის ყაყანი. რომელიმე გაჩერებას რომ ვუახლოვდებით მეღვიძება იმის შიშით, რომ ჩემსას არ გავცდე. ასე, გადაჯდომ-გადმოჯდომით, 5 მატარებლის გამოცვლით და “გლაისებზე” სირბილით ჩავედი ჰაიდლებერგში, საიდანაც ბადენ-ბადენში გვინდოდა გადასვლა.

ბადენ-ბადენზე ბევრი არც არაფერი მსმენოდა, ვიცოდი რომ ლამაზი ქალაქი იყო, მაგრამ არც ფოტო მენახა და არც ზედმეტი კარგი ან ცუდი გამეგო რამე. რომ ჩავედით არ ვიცოდით რა უნდა გვენახა, სად უნდა წავსულიყავით და გაზეთების კიოსკის გამყვიდველს ვკითხეთ რჩევა, რომელმაც ქალაქის რუკა მოგვყიდა და აგვიხსნა ცენტრამდე როგორ მივსულიყავით.

ბადენ-ბადენი ისეთი ქალაქია, რომ უნდა ეძებო და აღმოაჩინო.თითქმის არაფერი უნდა იცოდე მის შესახებ, ჩახვიდე, შენით იპოვო პატარა ქუჩები, ქუჩებს შორის დატანებული წვრილი, გრძელი კიბეები, რომლებსაც ქალაქის შემაღლებულ ადგილებთან მიჰყავხარ, სუფთა ბაღები და შადრევნები. საიდანაც არ უნდა გაიხედო, პატარა, კოპწია და ლამაზად აგებული, ძველი გერმანული სახლები გეჩხირება თვალში, ქვემოდან რომ იყურები თავსზევით ხედავ მთელს ქალაქს, ზემოთ რომ ადიხარ კი ქვემო ქუჩების ხედი გეშლება თვალწინ. ბადენ-ბადენში ძალიან ადვილია ჭკუიდან შეიშალო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გახსენდება, რომ დოსტოევსკის მოთამაშეში, მოქმედება სწორედ ამ ქალაქში ვითარდება და შენ ახლა ზუსტად იმ კაზინოს წინ მისეირნობ წყნარად და მშვიდად. ბადენ-ბადენი საზიზღარი გერმანელი მილიონრების ქალაქია, სწორედ ამიტომ ქუჩაში მხოლოდ შენნაირ მოხეტიალეებს და ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე ტურისტებს წააწყდები.

სიწყნარე და ჰარმონია ისე გედება, აღარ ნერვიულობ ავტობუსი რომ არ მოდის და ცენტრამდე ფეხით უნდა ჩახვიდე ქალაქის უმაღლესი წერტილიდან. ბადენ-ბადენში ერთერთი ყველაზე კარგი რამ ისაა, რომ შორიდან ყურებისას რაღაც ადგილი მიუღწეველი და ძალიან შორი გგონია, რეალურად კი, ქალაქს ალბათ რამდენიმე საათში მოივლი ფეხით.

აქ ქალაქებს სულ ერთმანეთს ვადარებ, დიდხანს ვიფიქრე რომელი ქალაქისთვის შემედარებინა ბადენ-ბადენი და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ქალაქი ყველა იმ ევროპის ქალაქს აერთიანებს, რომელშიც მე ვყოფილვარ, მილანისგან მოპედებიანი ახალგაზრდები, ძვირიანი მაღაზიები და ბურჟუაზია ისესხა, მიუნხენისგან “ენგლიშ გართენის” პატარა ნაგლეჯი, სტრასბურგისგან “ლე პეტიტ პრინცეს” რამდენიმე ხიდი, შტუტგარტისგან და ფრაკფურტისგან ქვაფენილიანი ქუჩები, და ყველა გერმანიის ქალაქს წაართვა პატარ-პატარა წვრილი ქუჩა, კაფეებით და ფერადი სახლებით. ეს პატარა ქალაქი მთელ ევროპას იტევს, აბა სცადე და არ მოიხიბლო.

დასვენების მეორე დღეს ფრანკფურტში წავედით, ჰაიდელბერგიდან, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს და სადაც უკვე მესამედ ვიყავი, ფრანკფურტი საათ-ნახევრის გზაზეა, ამიტომ ჰესენის ცენტრსაც ვეწვიეთ. რა ვქნა, პატარა ქალაქების მოყვარული ვარ, დიდ ქალაქებში ყოფნისას თავს სულ დაუცველად, უმწეოდ ვგრძნობ და მგონია არაფერს წარმოვადგენ, ამიტომ მეშინია კიდეც. ფრანკუფრტში რატომღაც თავი ასე არ მიგრძნია, დიიიდ უზარმაზარ ფრანკფურტში საქმიანი, კლასიკურად გამოწყობილი, მაღალი გერმანელები ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებიან. აქაც, როგორც მთელს გერმანიაში, ძალიან მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მეტროთი და ეს-ბანით გადააგილდება. მოწესრიგებული, საქმიანად გამოწყობილი გერმანელები, ხელში პორთფელებით რომ მიიჩქარიან, ღიმილით დაგეხმარებიან და გზას გაგაკვლევინებენ.

ფრანკურტი თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავია, ფრანკფურტი არის ქალაქი სადაც ერთ ნაბიჯზე შეიძლება ცამდე აწვდენილ ცათამბრჯენს შეეფეთო, მეორეზე კი სამსართულიან კოპწია ევროპულ სახლს. ფრანკურტში ყველაფერია რასაც ინატრებ. განსაკუთრებით ერთი  წიგნების დიდი მაღაზიით მოვიხიბლე, რომელიც ხუთსართულიანია, ერთ სართულზე მხატვრულ ლიტერატურას წააწყდები, თანამედროვე, ძველი- სულო და გულო, ქვემოთ საბავშვო წიგნებია, იქვეა სახელმძღვანელოებიც, არც ისტორიული და სამეცნიერო ლიტერატურა დავიწყებიათ და არც ჟურნალ-გაზეთები. ლამაზ ბლოკნოტებს და სასკოლო აქსესუარებსაც აუცილებლად მიაგნებ.  0 სართულზე პატარა ლიტერატურული კაფეა და ყველა სართულს თავისი პატარა სამკითხველო აქვს. აქ ყოფნა არასდროს მოგბეზრდება დრო უნდა გქონდეს რომ ათვალიერო და ათვალიერო.

ფრანკფურტში რომ ჩადიხარ აუცილებლად უნდა ახვიდე ფრანკფურტის უმაღლეს ნაგებობაბაში 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოხედო ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ლიფტში ისეთი გრძნობა  თითქოს ტვინი მუცელში გივარდება და სიმაღლის შიში გაქვს, აქ ასვლა ნამდვილად ღირს. თვალწინ გეშლება მთელი ქალაქი თავისი სიდიადით, მაინზე ძველი ხიდებია, მოაჯირებზე ბოქლომებშებმული, წვრილ ქუჩებს ქალაქის ცენტრში გაყავხარ, სადაც იმდენი მაღაზიაა თავბრუ დაგეხვევა. მუზეუმები, ფრანკფურტის, მსოფლიოში სიდიდით მეორე აეროპორტი, ცათამბრჯენები, ეზოებიანი სახლები-ფილმებში რმ გვინახავს, ბანკები და სავაჭრო ცენტრები.

ქალქებში, რომლებშიც მივდივარ ძირითადად ვიცი ხოლმე რა უნდა ვნახო, სად უნდა წავიდე. ახლა მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ისეთ ქალაქში წასვლაა, რომელზეც არაფერი გაგეგება, უნდა იყიდო რუკა, რუკაზე ეძებო, გაჰყვე, ბევრი იხეტიალო და შენით წვალებ-წვალებით აღმოაჩინო ქალაქი და შეგიყვარდეს. უფრო დიდი ბედნიერება კი ისაა, უდიდეს ფრანკფურტში რიგით მოქალაქეს რომ ჰკითხავ, ჰაუფთბანჰოფს როგორ მიაგნო, მერე შენი მეგობარი ქართულად რაღაცას იტყვის ხმამაღლა და ფრანკფურტელი კაცი ქართულად რომ გააგრძელებს ახსნას.

ქართველებს გვიყვარს თქმა “რა პატარაა თბილისი” და თითქოს ვამაყობთ კიდეც ამით, რომ ჩვენთან ყველა ყველას იცნობს. დავრწმუნდი, რომ მსოფლიოც პატარა ყოფილა, როდესაც ფრანკფურტში გავიგე რომ ვიღაც მეძახდა, თავიდან ვიფიქრე მეჩვენებოდა, რადგან ზოგიერთი გერმანელი არტიკლ დერ-ს ისე ამბობს, დეა გესმის და თავიდან რომ ჩამოვედი გიჟივით ვიხედებოდი აქეთ-იქით, სულ მეგონა მეძახდნენ. ამჯერად არ შევცდი, მართლა მეძახდა, ერთი ჩემი ნაცნობი.

მოკლედ, თავი მოგაწყინეთ, ბევრს აღარ გავაგრძელებ. ბედნიერება ძალიან ზოგადი ცნებაა,  ჩემთვის ბედნიერება გერმანიაში ცხოვრების შემდეგ, მეგობრების დახვედრა გაჩერებაზე, შენი მშობლიური ენის გაგება ევროპის რომელიღაც ქალაქში და ზედ დართული ტანში დიიიდი ჟრუანტელის დავლა, მატარებლისთვის მისწრება, ახალი ქალაქის ძიება და აღმოჩენაა. ბევრი სიარულის და დიდი შთაბეჭდილებების შემდეგ სახლში მისვლა და ლოგინში ჩაწოლა, ის წუთები, როდესაც შეფი მოდის და გეუბნება, რომ შენი სამუშაო დრო დასრულებულია და სახლში წასვლა შეგიძლია, აეროპორტიდა გამოსვლის მომენტი და უხერხული გრძნობა, როდესაც იცი რომ 2 თვის უნახავი ხალხი უნდა ნახო.

ბედნიერება არის სიარული, დაღლა, ბედნიერების ცრემლები,გრძნობა, როდესაც ვერ ხვდები რა გჭირს, სახლი და ყველაფერი, რასაც შენით მოიპოვებ, წვალებით, ყველაფრის ფასად  და საბოლოოდ დიდ სიხარულს მოგგვრის, შეიძლება დღეების, კვირეების და თვეების მერე, მაგრამ აუცილებლად იგრძნობ რაღაცას და მაშინდელი დაგროვილი ბედნიერება მთლიანად თავიდან-ფეხებამდე მოედება შენს სხეულს.