ბედნიერება… იტალიურად!

  • 14/02/2018
  • Home
  • ბედნიერება… იტალიურად!

მოგზაურობის დასაწყისი ქართულად

ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, რომ სხვა ქვეყნებშიც ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი, უხარიათ, სწყინთ, უყვართ, სძულთ, ბრაზობენ, ჭორაობენ…

ახლა კი, როცა პირველად აღმოვჩნდი საქართველოს საზღვრებს გარეთ, არ მქონია განცდა, რომ სხვაგან ვარ. ამას მხოლოდ იტალიური რეკლამები და წარწერები მეუბნებოდა.

ხომ განსაკუთრებულ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული, როდესაც პირველად მიდიხარ სხვაგან, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით,  მრავალი წლის უნახავ ოჯახის წევრს რომ შეხვდები და  შეეხები.

ასეთ დროს თითქოს რაღაც მიუწვდომელს უახლოვდები და თან უსაზღვროდ ბედნიერი და მადლიერი ხარ, თან გეშინია. გეშინია, ცოტა გაუცხოებამ არ დაგძალოს, გეშინია, მშვიდობით რომ ვერ ჩახვიდე, რამე არ მოხდეს.

მოკლედ, რაღაც უაზრო, ზოგადი შიში გიღრღნის გულს, თავადაც რომ ვერ აგიხსნია.

გამგზავრების დღეს, რა თქმა უნდა, მუცლის ტკივილით და გულის ფრიალით ავდექი. ყურებში სისხლი მაწვებოდა და თავი მიგუგუნებდა. ასე ვიცი, როცა რაიმე მნიშვნელოვანი მელოდება. საბედნიეროდ, მალე მივლის.

ახლაც ჩვეულებრივად ჩავერთე მზადებაში და აეროპორტში წასვლისას უკვე მხნედ ვიყავი.

თვითმფრინავში რომ ჩავსხედით, მაშინ ცოტა ავღელდი, მაგრამ, მშვიდობით და მხნედ ჩავედით კიევში.

რომისკენ მიმავალ თვითმფრინავში გადავჯექით და უკვე დაღლილობაც ვიგრძენი. ბოლო ერთი საათი საოცრად გაიწელა…

 

პირველი ნაბიჯები მარადიულ ქალაქში

იმ ქალაქში დაშვებისას, სადაც ყველა გზა მიდის, უკვე ღამე იყო და, შესაბამისად,  ქვემოდან უამრავი ნათურა შემოგვციმციმებდა, თითქოს გვეუბნებოდნენ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოს დედაქალაქშიო.

თვითმფრინავმა დაჯდომის შემდეგ დაახლოებით ოცი წუთი იგორა და მთლად დაბუჟებულები ჩავედით. ჩვენი 5 წლის რატი ძლივს გავაღვიძეთ და შეიძლება ითქვას, მერეც ფეხზე მდგომს ეძინა.

ჩასულებს სახეში ცხელი ჰაერი გვეცა, ზუსტად ისეთი, დიდი სიცხის დროს თბილისში რომ იცის. პასპორტები შეგვიმოწმეს და ბარგისკენ დავიძარით.

აქ უკვე ძალიან საინტერესო რაღაცები დაიწყო: ერთი ჩემოდანი მშვიდობით მოვიდა, მეორედან კი წურწურით გამოდიოდა ქართული საფერავი. ძალიან შევწუხდით, ბოდიში მოვიხადეთ. აეროპორტის მხიარულმა იტალიელმა თანამშრომელმა ღიმილით დაგვამშვიდა. გასასვლელისკენ დავიძარით.

უცებ ჩემი სახელი გავიგონე და სოსომ ჩემი და დაინახა, ბედნიერებისგან გაბრწყინებული ხელს რომ გვიქნევდა.

მერე იყო მხიარული და ენერგიული, თუმცა ფრიად მეძვირე ტაქსისტი, სიხარული, დაბნეულობა, დაღლილობა და პატარა სასტუმრო, რომელსაც ხუმრობით ,,ნულვარსკვლავიანი” ვუწოდეთ.

შემდეგ – უთენია ადგომა, დილის რომი უკვე გატენილი ავტობუსებით, რომლებითაც ადამიანები სამსახურში მიიჩქაროდნენ, კაპუჩინო,  უგემრიელესი ბრიოში და არდადეგებიც დაიწყო.

პირველად ვატიკანში წავედით.

ბოდიალი იტალიურად

დილით ადრე ადგომა სასტიკად არ მიყვარს. მაგრამ, თურმე როცა რომში ხარ, 6 საათზეც ცქვიტად ადგები.

ჩემი დის ხმა რომ ჩამესმა, ,,ნულვარსკვლავიან“ სასტუმროს უკვე რიჟრაჟი ავსებდა და მეც გამოვფხიზლდი.

ჩვენი ბარგი-ბარხანა ,,ავხიკეთ“ და  ულამაზესი ქალაქის ქუჩებში გავეშურეთ. ჯერ მშვიდობით გადარჩენილი ჩემოდანი მივაბინავეთ შემნახველ პუნქტში, მერე კი ვატიკანის ჯერიც დადგა.

მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჩემს თავს ძალიან უცნაური რამ მოხდა. სანუკვარი ოცნება ამისრულდა…

დავდივარ ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში და ვერც კი ვხვდები, რა ბედნიერი ვარ. ამ ხალხს, ავტობუსები რომ გაუვსია და სამსახურებში მიიჩქარის, წარმოდგენაც კი არა აქვს, რამხელა ბედნიერება მეწვია.

ეს ბედნიერება ამ წუთას, ალბათ, არც ჩემს თვალებში ჩანს, რადგან უძილობა ჩემს სახეს დიდ დაღს ამჩნევს ხოლმე.))

თვალს საოცარად ლამაზი, ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები მჭრის: თითქოს თავისკენ მიხმობენ, მოდი, მოდი, იმდენი რამის მნახველები ვართ, გასაოცარი ამბები უნდა მოგიყვეთო.

პიაცა ნავონაზე სელფის ჯოხი დავკარგეთ და რატომღაც, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მე დამბრალდა. არაღიარებული დანაშაულის გამოსწორების მიზნით შავტუხა გამყიდველისგან ახალი ვიყიდე.

საცდელად სოსოს მობილურით ვცადეთ გადაღება, მაგრამ შენც არ მომიკვდე, რეაქცია არ ჰქონდა.

გაფუჭებული გვეგონა და ისევ გამყიდველს მივადექით.  ბანგლადეშელმა  კი ტელეფონი დაიწუნა, მოძველებული მოდელიაო.:)))

პატარა რატი ძალიან კარგად იქცეოდა, გასაოცრად კარგადაც კი. ვერ ვიტყვი, რომ რომის სიდიადე შეიგრძნო, მაგრამ თითქმის არ დაუწუწუნია.

ტრევის შადრევანში ჩასაგდებად ხურდა მოვამზადეთ, მაგრამ, ალბათ, ცუდად ვიქცეოდით და შიგნით წყალი არ დაგხვდა.)))

სამაგიეროდ, ფსკერი და შადრევნის თანამშრომელი ვნახეთ: შიგნით ჩასული რეზინის მილით რეცხავდა. თეთრ ფსკერზე უამრავი ხურდა ფული ეყარა.

მოკლედ, ტრევის შადრევანი ,,ფორმაში“ ვერ ვნახეთ. არა უშავს, ალბათ, კარგად რომ მოვიქცევით და მერე რომ ჩავალთ, წყალსაც ჩაგვისხამენ.

ნაღდი იტალიური კოლიზეუმი

მერე სანტ ანჯელოს ციხეს ჩავუქროლეთ და კოლიზეუმისკენ ავიღეთ გეზი.

გლადიატორების საბრძოლო არენას უკვე ,,გემრიელად“ დაღლილები მივუახლოვდით, მაგრამ მისმა სიდიადემ წამში გამოგვაფხიზლა.

დგას  ამაყად, გარეთაც და შიგნით, უბეებში, უამრავი ადამიანი უფუთფუთებს. მათ ახლაც ისევე მშვიდად უმზერს, როგორც გლადიატორთა ორთაბრძოლებს… იმპერატორის დაწეულ ცერს,  დამარცხებულის აღსასრულს რომ მოასწავებდა.

,,გამარჯობა, კოლიზეუმო. ბედნიერი ვარ… ზუსტად ვერც ვამბობ, რას ვგრძნობ, შენ რომ გიყურებ.

იცი, სიძველეები ბავშვობიდან მიყვარს. შენ ხომ არ იცი, რა გამალებით ვქექავდი ძველ ნივთებს, კომოდის უჯრების სიღრმეებს.

მიყვარდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ იყენებდნენ ძველად ამა თუ იმ ნივთს, როგორ ეხებოდა ვიღაცის ხელები…

ნეტავ, როგორ ეცვა ახალგაზრდა ბებიაჩემს ესა თუ ის კაბა, მე რომ კარადაში წავაწყდებოდი? ეგებ, პაპაჩემსაც სწორედ ამ კაბით ეპრანჭებოდა…

სიძველეები იმიტომ მიყვარს, რომ ნამდვილია.  ისინი ხომ ჩემს დაბადებამდე ცოცხლობდნენ, ამიტომ, თითოეული მათგანი რაღაც ამბავს ინახავს თავის სიჩუმეში, რომელიც არასოდეს დაირღვევა.

ახლა კი შენ გხედავ.  სიძველის ,,ეტალონს“, ბრწყინვალეს, რაღაცნაირი ზვიადი დიდებით შემოსილს… თითქოს თავზე მეფრქვევა შენი დიდებულება, დაბნეული ავტუზულვარ შენს კედლებთან.

საოცარია პირდაპირ: ტელევიზორსა ან ,,გუგლში“ კი არ გიყურებ, თავად შენს კარიბჭესთან ვარ.

ალბათ, შენც დამიმახსოვრებ, შენებური მახსოვრობის ერთი პატარა ნაწილი გახდება გოგო, რომელიც ძალიან პატარა ქვეყნიდან გესტუმრა და კიდევ უფრო ძალიან ბედნიერია.

კოლიზეუმის პირდაპირ მეტროსადგური ,,Colloseo-ა“. უკვე დროა, დაგტოვოთ. მატარებელი გადის და ჩემი დის სახლში უნდა წავიდეთ, დედა და პატარა დისშვილები გველოდებიან.”

შინ ,,იტალიურად“

რომიდან კაზარსაში მიმავალი მატარებელიდან ის დამამახსოვრდა, რომ კონდიცირება უმაღლეს დონეზე იყო, ჩემი სხეულის ტემპერატურამ კი უდაბლესს მიაღწია.

თითქმის შვიდი საათი სიცივისგან კბილებდაკრეჭილებმა ვიმგზავრეთ, მერე რეგიონალურ, თბილ მატარებელში გადავჯექით და ჩასვლის დროც მოვიდა.

სადგურზე ჩემი დის მეუღლე და 4 წლის გოგონა გვხვდებიან.

მარი უზომოდ გახარებულია, გამორბის, ჯერ დედას ეხუტება. მერე მე ჩემსკენ ვეპატიჟები და მაშინვე კნაჭა მკლავებს მხვევს, გულში მეკვრება!

მეორე დილას, უთენია, წყლის დასალევად მივბორიალებდი, რომ დერეფანში ძილისაგან გაბრუებული მარი შემომხვდა.  მაშინვე მომესალმა: ჩაო, თენონა!  გამეცინა. წამო ჩემთან-მეთქი.

ჩემდა გასაკვირად, კუსკუსით წამომყვა და მე და რატის შუაში ჩაგვიწვა.  ეს უკანასკნელი ცოტა აიმრიზა, მაგრამ, მალე აღშფოთება ძილმა დასძლია.

იმდენის დაწერა შეიძლება, რომ არც კი ვიცი, რაღა დავწერო. დასასრულისთვის, ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი დღეები გავატარე ქვეყანაში, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ეს ჯერ იდეურად იყო, ახლა კი ხორციც შეისხა.  როცა საშუალება მექნება, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეწვევი.