ახდენილი ოცნება – ვენეცია

  • 05/03/2018
  • Home
  • ახდენილი ოცნება – ვენეცია

ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავი, როცა ვენეცია გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.. რაც უფრო მეტად ვცდილობდი გამეცნო ეს ქალაქი, მით უფრო მეტად მხიბლავდა და მიტაცებდა მისი სილამაზე და განსხვავებულობა.. ულამაზესი ხიდები, წყლის არხები და გონდოლები – სულ მალე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და მეგობრები ხშირად დამცინოდნენ რომ რუკის გარეშეც ჩვეულებრივ შევძლედი მოგზაურობას..

ვენეციაში მოგზაურობის სურვილით, ჩავაბარე მაგისტრატურაში და ერასმუსის პროგრამით  გავემგზავრე ესპანეთში.. ესპანეთიდან კი იტალიაში სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად..

რაც ავტობუსში ფეხი შევდგი, მაშინვე შემექმნა ზეამაღლებული განწყობა, გავიპრანჭე სპეციალურად ვენეციისთვის, მზე მოვიკიდე და გავეშურე სულმოუთქმელად..

აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ვეღარ ვისვენებდი.. ვუყურებდი გარეთ მინდვრებს.. გზას რომელსაც მივყავდი იქ სადაც ჩემი ოცნება იყო ამდენი წლის განმავლობაში.. მთელი კვირეები რომ წვიმდა, მზეც სწორედ მაშინ გამოსულიყო.. მივდიოდი და არ მჯეროდა.. ნუთუ ასეთი წარმომედგინა ეს გზა..  ყოველთვის მეგონა მილანიდან ჩავიდოდი მატარებლით.. მაგრამ მაგას ვინ კითხულობდა მთავარია მივდიოდი..

სულ მალე გამოჩნდა წყალი და შესაბამისად მივხვდით რომ ვუახლოვდებოდით დანიშნულების ადგილს..

როგორც იქნა ჩამოვედით ავტობუსიდან და გავიგეთ რომ  სანაპიროდან წყლის ავტობუსით წასვლა 6 ევრო, მთლიანი დღე 20, ხოლო ფეხით წასვლა უფასო გამოდიოდა ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიეთ..

ჩემს სახის ფერს რომ შევხედე სარკეში, მეთვითონ შემეშინდა ისეთი გაფითრებული ვიყავი.. ისე ვნერვიულობდი და განვიცდიდი როგორც გამოცდაზე შესვლისას.. მეშინოდა, რომ ოცნების ახდენის შემდეგ, მის გარეშე დავრჩებოდი..

რამდენიმე სერიოზული ავტომაგისტრალის გადაკვეთის შემდეგ, მივადექით ხიდს რომელსაც შევყავდით ვენეციაში..

გადავიარეთ ხიდი და სურათს არ ვიღებ, ვარ ჩუმად და მეგობრები გაჩერდნენ და ყველა ერთად მეკითება, აბა თამთა როგორი გრძნობაა? ხმას რატომ არ იღებ? მეთქი ცოტა ხანს მაცადეთ, ხმა არავინ გამცეთ, დრო მჭირდება რომ დავიჯერო!

იმდენად არ ვუშვებდი შინაგანად რომ ნამდვილად ვენეცია იყო ჩემს გარშემო, რომ მთელი სხეული მტკიოდა.. წყლისკენ თითქმის არც ვიყურებოდი იმიტომ რომ მინდოდა ყველასთვის ვისაც ვიცნობდი, ყველასთვის დამენახებინა ის რასაც ვხედავდი.. სურათის გადაღება არ მინდოდა.. უფროსწორად სურათში ვერ გადმოვცემდი იმას რასაც ვხედავდი.. იმ საოცრებას, იმდენად დიდი იყო ის რასაც ვხედავდი, ამიტომ მის დამახინჯებას და დაქუცმაცებას ვარჩიე საერთოდ შემეკავებინა თავი.. ჩემს თავში მჭირდებოდა გარკვევა რა ხდებოდა.. როგორ აღმოვჩნდი აქ..

ვენეცია კი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, წყლის ავტობუსები და ტაქსები, გადატვირთული მოძრაობა.. ყველას სადღაც ეჩქარებოდა.. სიცოცხლე ჩქეფდა, მაგრამ ამას თან სიმშვიდე და ერთობლივი ფუსფუსი ერთვოდა, რაც ლივლივა ტალღებისა და გონდოლებისგან მოდიოდა.. მზეც ანათებდა და ყინვისა და სიცივის მიუხედავად, ზაფხულში მეგონა თავი, ზღვაზე რომ ჩამოხვალ დასასვენებლად..

ამ სილამაზით მონუსხულები, შევედით შუაგულ ქუჩებში, პატარა ხიდებითა და წყლის არხებით.. მოკლედ მოვხვდით შუაგულ ვენეციაში..

აქ ბოდიალში გავატარეთ კარგა ხანი მანამ ერთი ბოლოდან მეორეში მივედით..  დროდადრო წამოვიყვირებდი არ მჯერა- არ მჯერა-თქო – თუმცა ჩემს მეგობრებს რეაქცია აღარ ქონდათ 🙂

წვრილ-წვრილი ქუჩები, საცალფეხო ბილიკები და ხიდები.. იქვე შენობებში გამოკვეთილი თაღები, რომლებიც ცოტა მაშინებდა კიდეც..

 

ბოლოს როგორც იქნა გამოვედით გრანდ კანალზე, გადავიღეთ სურათები თუმცა არა ბევრი, რადგან როგორც წესი გავრბოდით ყველგან და ყოველთვის..

აქვე გამოჩნდა რეალტოს ხიდი, მთავარი ხიდი ვენეციაში, რომელზეც გადავიქროლეთ, გადმოვიქროლეთ და სურათიც კი ვერ გადავიღე ზედ..

სულ მალე დავიშალეთ და გზას გავუდექით ოთხნი.. მე ინტერნეტი მქონდა ამიტომ ჩავრთე მეფი და მე და მეფი ვიყავით გიდები..

გავიარეთ სან მარკოს მოედანი, რომელზეც მდებარეობს წმინდა მარკოზის ტაძარი.. ძველად, აქ დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია ვენეციაში..

შემდეგ შემოგვხდა ოხვრის ხიდი, რომელიც მე-17 საუკუნეშია აგებული.. ბაროკოს სტილის ხიდი აერთიანებს დოჟის სასახლესა და სასამართლოს, სადაც დაკითხვის ოთახები და სატუსაღოები მდებარეობდა..

ყველა არხთან ჩამოვჯდებოდი დრო რომ მქონოდა. ძალიან მინდოდა მშვიდად გამეაზრებინა რაც ხდებოდა.. დამეჯერებინა, რომ ნამდვილად ვენეციაში ვიყავი.. ახდა ის რისკენაც ცხადში თუ ძილში ვისწრაფოდი.. მეფიქრა  ამ ლამაზ ქალაქზე, ვინ ან როგორ  შექმნა.. ამ დროს პაულო კოელიოს სიტყვები გამახსენდა, რომელიც წლებია ჩემი ცხოვრების დევიზი გახდა „ როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო დაგეხმარება შენი ოცნების ასრულებაში“..

სულ მალე, გავედით სანაპიროზე, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი იყო..

 

მზე სურათების გადაღებაში ჩავიდა სულ რამდენიმე წუთში..

დაბნელდა ისე რომ ხიდებზე განათება რომ არა, არხები საერთოდ აღარ გამოჩნდებოდა..

ეს იყო ერთადერთი არხი რომელიც გაენათებინათ .. სამაგიეროდ ჩვენც დავადექით გზას, სანტა -მარიას ტაძრის  სანახავად და გადავედით ვენეციის  მარჯვენა სანაპიროზე.. სანტა მარიას ტაძარი მე-13 საუკუნეშია აგებული, ფრანცისკელი ძმების მიერ, რომელიც მკაცრი ფასადური სტილით გამოირჩევა. იგი სიმაღლით მეორეა ვენეციაში, სან მარკოს სამრეკლოს შემდეგ.

ეკლესიის დათვალიერებაში გავთბით, სული მოვითქვით და წამოვედით..

გავეშურეთ ცენტრისკენ, მაკდონალდსის ძებნაში..ამ დროს, კი ვიყავით რომელიღაც მოშრებულ კუნძულზე, ამიტომ გადმოვედით  მარცხენა ნაწილში და გადავწყვიტეთ ჩავსულიყავით მაკდონალდსთან და იქვე გადავკვეთდით გრანდ კანალს..

ამ ბოდიალში, შემოგვხვდა საშობაო სოფელი სადაც გემრიელობები იყიდებოდა.. ათასნაირი ტკბილეული, სუვენირები თუ პიცის ნაირსახეობები.. მოკლედ ყველაფერი, რის გამოც სულ არ წამოხვიდოდი იქიდან, მაგრამ ჩვენ როგორც წესი გვეჩქარებოდა..

გზად შემოგვხვდა სან ვიტალეს ტაძარი, სადაც ახლა თაეტრალური საღამოები იმართება.. დავსხედით და კინაღამ ჩაგვეძინა კიდეც საოცარ გალობაზე რომელიც იავნანად ჩაგვესმოდა ორი დღის უძილოებსა და დაღლილებს..

აქედან მცირეოდენი ბოდიალის შემდეგ, შევედით გალერეა დელ აკადემია-ში, რომელიც თავდაპირველად ვენეციის სამხატვრო აკადემია იყო. დღესდღეისობით კი გალერეა -მუზეუმია.

წამოვედით აქედანაც და გავეშურეთ მაკდონალდსისკენ, მაგრამ საქმე ის იყო რომ ამ 1 საათიანი სიარულის შემდეგ მივხვდით რომ მაკდონალდსის პარალელურად ვიყავით მაგრამ ხიდი არსად ჩანდა. ამიტომ მოგვიწია დაბრუნება ისევ რეალტოს ხიდზე და ისე გადასვლა.. მაგრამ საოცრად სახალისო აღმოჩნდა ეს ამბავი, როცა რომელიმე სხვა რამისკენ გავიწევდით, სამკაულისკენ, სუვენირისკენ თუ საჭმლისკენ დანარჩენები ვტაცებდით ხელს ერთ-მეორეს და ვაბრუნებდით, ახლა არაო J ხან გზის მოჭრა გვინდოდა და მივიდოდით უკიდურეს ქუჩაზე არხთან.. სახლის კარი იყო და გზა მთავრდებოდა.. ბოლოს სხვებს ვაკვალიანებდით აქეთ გზა არ არისო.. მოკლედ ასე სიცილ – სიცილში ვიყიდეთ მურანოს მინის კულონები მე და ჩემმა რუმმეითმა, რომელიც მხოლოდ ვენეციაში მოიპოვება..

სულ მალე წავედით მეგობრებთან შესახვედრად.. კინაღამ მივიყინეთ რადგან რკინიგზის სადგური მხოლოდ გადახურული იყო.. მიუხედავად სერიოზული ყინვისა, სადგურში რა გამაჩერებდა, გარეთ ვენეცია იყო, ჩამოვჯექი წყლის პირას და  დავიწყე ფიქრი..

გამახსენდა, როგორ დაიწყო ყველაფერი.. კურსელის წარმოთქმული წინადადებით – „აუცილებლად უნდა წავიდე ვენეციაში“ და ჩემი ფიქრით – მეც – რატომაც არა.. შემდეგ რვეულების გარეკანებზე, ბლოკნოტებსა და დღიურებზე დახატული ვენეციის სურათებით.. ინტერნეტში მრავალჯერ გადაქექილი სურათებით.. იტალიის დროშაზე, რომელსაც ქუჩაში მხოლოდ ჩემი თვალი აღიქვამდა.. იუთუბის ვიდეოებით, ბიბისისა თუ დისქავერის მოგზაურთა სერიებით (გადაზუთხული რომ მქონდა ტექსტები რას ამბობდნენ და სად რა მუსიკა ირთვებოდა).. ჭიქებით, თეთრეულითა და ბალიშებით ვენეციის გამოსახულებით და კიდევ მრავალი ნივთით რომლის შეძენასაც სამომავლოდ ვგეგმავ მაინც.. შემდეგ მაგისტრატურაზე ჩაბარებით ამ მიზნით და ერასმუსის გრანტით რომელმაც ეს ოცნება ამისრულა..