ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა

  • 28/07/2019
  • Home
  • ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, გრძელდება ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარება, რომლის ფარგლებშიც ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანმა მიმართეს.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო „თოკების პარკი“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, RDFG-ის დაფინანსებით მოეწყო.

„ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის აშენება არის რეგიონის ტურისტული განვითარების პირველი ნაბიჯი. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ ვიცავთ უნიკალურ ქართულ ბუნებას და გვსურს რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ და შევაყვაროთ იგი. მეორეს მხრივ, რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიზიტორთა ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ცენტრში მისული ვიზიტორები ამომწურავი ინფორმაციისა და რჩევების მიღებას შეძლებენ როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოეწყო ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. ეზოში მოწყობილია 2 ზონა – საოჯახო და მოზარდთათვის, რომლებიც შესაბამისად 10 და 14 სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს.

ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა და დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს მოიცავს. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ეროვნულ პარკში ამჟამად ერთი ეკოტურისტული ბილიკი „სამეფო ქედია“ მოწყობილი.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო